შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ, ეუბნებიან, ვინც დარეგისტრირდება, გრანტს ვერ მიიღებს
მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს, არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში, ეუბნებიან, ვინც დარეგისტრირდება, გრანტს ვერ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დონორებთან ასევე მიდის კონსულტაცია, თუ როგორ აუარონ გვერდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„Მინდა, მადლობა გადავუხადო გივი მიქანაძეს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი კვლევა იყო, შრომა, რომელიც ამაში ჩადებულია. გახსოვთ, ჩვენი თავდაპირველი კვლევა, 474 ორგანიზაცია, რომელიც ხელს აწერდა თავის დროზე პეტიციას და აპროტესტებდა კანონს, აღმოჩნდა, სავალალო მდგომარეობა, რომ ნახევარს ვებგვერდიც კი არ ჰქონდა, რა გამჭვირვალობაზეა საუბარი და აღარაფერს ვამბობ, ვიცოდით თუ არა მათი დონორების შესახებ რამე, ან გრანტის ოდენობებთან დაკავშირებით იყო კატასტროფული შედეგები. ამ ორგანიზაციებიდან ნაწილმა მერე სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს 121 ორგანიზაცია ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც თავს აქტიურად თვლის და, მათ შორის, აქვს უნარი, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინოს სარჩელი. ჩავხედეთ ამ 121 ორგანიზაციას და აქაც კატასტროფული მდგომარეობაა. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 70% არის ორგანიზაციების, რომლებიც, არ ვიცით, საერთოდ რა თანხებს იღებენ. მათი გრანტების მოცულობა არის უცნობი და ამ 121-დან მხოლოდ 21 ორგანიზაციას ჰქონდა მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის დაკმაყოფილებული. ფარისევლობაა, როდესაც საუბრობენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გვახსოვს, თავის დროზე ისინი და მათი დონორები დახურულ კარს მიღმაც და საჯაროდაც გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, პრობლემა არ არის არანაირი ინფორმაციის მოძიებაო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ჩანს, როგორია ამ ორგანიზაციების გრანტების მოცულობა, ვინ არიან მათი დონორი.
„წლიურ ანგარიშს არ უნდა აქვეყნებდნენ?! ანგარიშვალდებული არ უნდა იყვნენ ქართველი ხალხის მიმართ?! ეს არის მთავარი ფარისევლობა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით მდიდარი ორგანიზაციების კლანი, ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ წარმოადგენენ საზოგადოებას ისე, რომ არანაირი ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან არ აქვთ და არც ანგარიშვალდებულად თვლიან თავს საზოგადოების მიმართ, წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბარონ ანგარიში, რა გააკეთეს მათ სასარგებლოდ. დონორს წლიურ ანგარიშსაც აბარებენ, შინაარსობრივს, ფინანსურს – ყველა ინფორმაციას დაწვრილებით აძლევენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ლეგიტიმაცია დონორებისგან აქვთ, მათგან იღებენ ფულს და, შესაბამისად, ანგარიშსაც აბარებენ, თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან ქართველი ხალხის მიმართ. ამიტომ, ეს სავალალო მდგომარეობა არის და აჩვენებს კიდევ ერთხელ, თუ რა პრობლემაა ამ მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს და მუშაობს, რომ არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში.
„ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაციებს არწმუნებს და მუშაობს, რომ არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში. ეუბნებიან, ის, ვინც დარეგისტრირდება, ვერ მიიღებს გრანტს. მეორე მხრივ, მიდის კონსულტაციების გაწევა, თუ როგორ აუარონ გვერდი ამ კანონს და რა გზები და მაქინაციები გამოინახოს, რომ არ დარეგისტრირდნენ და, ამავე დროს, მიიღონ გრანტი. მიდის კონსულტაციები და რჩევები, რომ დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, რაც საერთოდ უკვე სასაცილო არის და ზღვარს სცდება ყოველგვარი სერიოზულობის. გამოდის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია წარმოადგენს გარკვეულ კლიშეს, რომელსაც ისინი გაურბიან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, აღქმული იყვნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, გამოდის, ისინი თუ დარეგისტრირდებიან საზღვარგარეთ, პირდაპირ უცხოური ძალა გახდებიან. კიდევ უფრო უარესი მათი გადმოსახედიდან, ასე გამოდის, ხომ?! ანუ თავად რასაც უწოდებდნენ მიუღებელს საკუთარი თავისთვის, იყვნენ წარმომადგენლები უცხოური ძალის, აღმოჩნდა, თურმე მისაღები არის უცხოურ ძალად თუ დარეგისტრირდებიან საერთოდ. ამიტომ ეს არის ფარისევლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს არასამთავრობო სექტორში და არის პრობლება გამჭვირვალობის, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა. ყველა მოლოდინშია, რომ შესაბამისი საჯაროობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.