შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში, დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან და დაიძინებენ, ჩვენ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ევროპარლამენტარები თავს უფლებას აძლევენ, რაღაც საკითხებს ზედაპირულად შეხედონ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი ყირგიზეთთან იყო მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო და ასეთ ხალხს შემდეგ აქვს პრეტენზია, რომ ესმის საქართველოს კონტექსტი. პაპუაშვილის განმარტებით, რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ვერ ექნება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
„ევროპარლამენტის ეს მოწვევა თავის მანდატს ამოწურავს ცოტა ხანში. იცით, რომ ივნისში იქნება არჩევნები. ამიტომ, არსებობენ გარკვეული ჯგუფები თავად ევროპარლამენტში, რომელთა დამოკიდებულებაც ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. ისინი ამოწურავენ მანდატს და ასეთი ტიპის პწკენები უფრო ტოვებს აღქმას, რომ ეს არის გარკვეული პირადი ვენდეტა, ბრაზი, რომელიც უნდათ გამოხატონ რეზოლუციის სახით. ამ დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს. როცა რაღაცებს უყურებენ ზედაპირულად, აძლევენ თავს ამის უფლებას, ჩვენ ამ ზედაპირულობის უფლება არ გვაქვს. მათ შორის, ალბათ ნახეთ, რომ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო, ერთ წინადადებაში. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც შემდეგ პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი, იციან, რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის და ისიც არ იციან, როგორი რუსული პროპაგანდა ჩადეს რეზოლუციის პროექტში, სადაც აფხაზეთი ყირგიზეთის გვერდით გამოიყვანეს ლამის სახელმწიფოდ.
თავისთავად, ასეთი თავქარიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენთვისაც მიუღებელია და ამიტომაც, რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვა ასეთ რეზოლუციას არ ვაძლევთ. მით უმეტეს, იმ გამოსვლების ფონზე, რომლებიც ვიხილეთ დებატების დროს, მოვისმინეთ იმავე ადამიანების კომენტარები, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ იცოდეს, თანხები საიდან შემოდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „არის ხოლმე მითითება, რომ ევროპარლამენტის კომპეტენციები არის ერთი საკითხი, ევროკომისიის კომპეტენცია სხვა საკითხია. ევროპარლამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს არც კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არც მოლაპარაკებების გახსნა“.
„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.