შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხოელი პოლიტიკოსი, ელჩიც ხანდახან ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრება, ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდები
ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის მეთოდებია, როდესაც ხდება ვირტუალურად, რიტორიკულად ხალხის ხელისუფლებისგან გამიჯვნა და წარმოჩენა, თითქოს ეს არის ორი სხვადასხვა წარმონაქმნი, თითქოს ქართველ ხალხს უნდა ევროპა და ხელისუფლებას – არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავს პროევროპელებს ეძახიან.
„ჩვენ რასაც ვხედავთ, ნელ-ნელა ხდება შემოპარება, მათ შორის კარგად გამოჩნდა ეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საუბარია შიგნით და ზოგიერთი უცხოელიც საუბრობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, მთავრობა – არა, მივცეთ ქართველ ხალხს და მთავრობას – არა. ეს არის ტიპური რუსული ჰიბრიდული მეთოდები. რომ დააკვირდეთ, სხვა რამეს კი არ აკეთებს რუსეთი, თუნდაც უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ხალხს არ ერჩის, ხელისუფლება არ მოსწონს. წლებია, ასეთივე დამოკიდებულებას რუსეთი იჩენს საქართველოს მიმართ, მათ შორის წლების განმავლობაში რუსეთის ხელმძღვანელობა ქართველ ხალხს ულოცავს ხოლმე სხვადასხვა დღესასწაულს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის მეთოდებია, როდესაც ხდება ვირტუალურად, რიტორიკულად ხალხის ხელისუფლებისგან გამიჯვნა და წარმოჩენა, თითქოს ეს არის ორი სხვადასხვა წარმონაქმნი. თითქოს ქართველ ხალხს უნდა ევროპა და ხელისუფლებას არ უნდა. ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავს ეძახიან პროევროპელებს, ეძახიან ლიბერალებს და ასე შემდეგ. ზუსტად აქ ჩნდება, რამდენად ყალბი არის მათი ევროპელობა, მათი ლიბერალობაც, რადგან იყენებენ ყველაზე შავ და მძიმე მეთოდებს, პროპაგანდისტულ მეთოდებს, რომელიც გულისხმობს, რომ მოახდინონ ხელისუფლების დელეგიტიმაცია და შემდეგ თვითონ ისაუბრონ ხალხის სახელით. ამასაც ვხედავთ ხოლმე, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გვესაუბრება ხალხის სახელით, ზოგიერთი ერთი პროცენტის მქონე ოპოზიციური პარტია გვესაუბრება ხოლმე ხალხის სახელით, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც უკვე შემოეჩვია ამ რიტორიკას და ხალხის სახელით გვესაუბრება, ზოგიერთი ელჩიც ხანდახან ქართველი ხალხის სახელით გვესაუბრება. ამ ყველაფერს ყველამ უნდა შეხედოს და ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.