შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებიდან, უნდა, საქართველოსთან „დიდი ძმის“ როლი ითამაშოს, ასე არ გამოვა, ამ წესებით არ ვაპირებთ ევროინტეგრაციას
რა კავშირი აქვს ოჯახური ღირებულებების კანონს არჩევნებთან? ანუ, თუ გავაუქმებთ, არჩევნები კარგი იყო, თუ არა – ცუდი? ვინც ამას აკავშირებს არჩევნებთან, ეს აჩვენებს მათ არაკეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონკრეტული კანონების გაუქმების შესახებ უცხოეთიდან მოწოდებებს.
მისი თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს საქართველოსთან მიმართებით „დიდი ძმის“ როლის თამაში უნდა, რაც არ გამოუვათ.
„სინამდვილეში აქ არჩევნების ავკარგიანობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში, რაც ზოგიერთებს ეტკინათ, არის გამჭვირვალობის კანონი. ვნახეთ არჩევნებზე, რამდენად მნიშვნელოვანი ზოგიერთისთვის, რომ ფარული იყოს. ვნახეთ საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ უცხოური დაფინანსება. 20 ოქტომბერს, რომ ჩატარდა დიდი აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ორგანიზებული, რომელიც თავისი შინაარსით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული, იყო მათ შორის ევროკავშირის თანხებით დაფინანსებული. ეს რა საქციელია, ამაში რამე არის ევროპულობის? რა კავშირი აქვს იმ აქციაში დახარჯულ ფულს ევროპასთან, ღირებულებებთან, იმასთან, რისკენაც ვისწრაფვით? ზოგიერთი სახე, რომელსაც ვხედავთ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, რომელთა წარსულიც დაკავშირებულია პერესტროიკასთან. თუნდაც, ქალბატონი რასა არის გორბაჩოვის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება და ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებიდან, რომელთაც მგონი, ბევრი უყურეს მოსკოვს და იმას, როგორც ხდებოდა „დიდი ძმის“ როლის თამაში და ახლა თავად უნდა, საქართველოსთან მიმართებით ითამაშონ „დიდი ძმის“ როლი. ასე არ გამოვა. ამ წესებით არ ვაპირებთ ევროინტეგრაციას, რომ ესტონეთის თუ შვედეთის რომელიღაც კომიტეტის თავმჯდომარემ თავი წარმოგვიჩინოს უფროს ძმად. არავისზე ნაკლები ქართველი ერი არაფერში არ არის. არ გვესწავლება ჭკუა იმ ხალხისგან, რომლებიც პოლიტიკურ კორუფციაში არიან ჩართულები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.