შალვა პაპუაშვილი - ყველას ახსოვს, როგორ დადიოდა კაბინეტ-კაბინეტ გიორგი კანდელაკი, რომ უვიზო მიმოსვლაზე პროცესი ჩაეშალა, ახლა ზუსტად იმავეს „ენჯეოს“ ნიღბით აკეთებს
არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს არის ბატონი გიორგი კანდელაკიც, ის დღეს ე.წ. „ენჯეოშნიკია“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდა ის, როდესაც უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ჩაეშალა ეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არავის უკვირს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
„ვინმეს უკვირს, რომ გიორგი კანდელაკი ახლა უკვე „ენჯეოს“ ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად დააზიანოს საქართველო? საქმე ის არის, რომ არავის უკვირს. აბა რას იზამდნენ? ჩადიან, ჩვენებას აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ. ვიხილეთ, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ჩააყენა მდგომარეობაში, როცა ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდნენ. რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და აშშ-ის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. აქამდე არ უნდა დაიყვანო, თუნდაც ის ორგანიზაცია შენი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს. ამ შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მზად არიან, ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.