შალვა პაპუაშვილი - ყველა შეგვძრა ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა, გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია
ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა, თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გამოძება დაადგენს, რამ გამოიწვია ტრაგედია.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა პაპაუშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.