შალვა პაპუაშვილი - ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომლებზეც დგანან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომლებზეც დგანან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არამედ საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა

გამჭვირვალობის კანონი არის ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან, განსაკუთრებით თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, ეს თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის ევროპული ღირებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონების“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

„გამოვიდეს და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და ძალიან მაინტერესებს, ვინ იტყვის, რომ ფულის გაუმჭვირვალობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა, არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით, პირდაპირ თქვან, საქართველოში ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა არის თუ არა ევროპული ღირებულება, კონკრეტულად ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ყველა უნდა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომლებზეც დგას ყველა ევროპელი.

„კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ევროკავშირი, მიჰყვეს მისავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან საქართველოში მიმართული თანხები, აპირებს თუ არა, მიჰყვეს მისავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე საქართველოში მისი ფინანსები? ეს გვაინტერესებს, ამაზე გვინდა პასუხი სხვადასხვა ევროპელი ჩინოსნისგან და ამის შემდეგ მოგახსენებთ სხვა საკითხებსაც. სირცხვილიც კი არის, რომ 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს საქართველოში, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს არაერთხელ დადასტურდა. მე სხვა დროსაც მითქვამს, ჩემთან პირად საუბრებში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ მან ნახა, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტების სია და დამეთანხმა, რომ ნამდვილად ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ დაფინანსებებში, თუმცა ჩემს თხოვნაზე, იქნებ ეჩვენებინა ეს სია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მივიღე უარი საქართველოში დახარჯულ ფულზე. ამიტომ ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომლებზეც მართლა ვდგვავართ ჩვენ, ყველა ევროპელი, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა, არამედ საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.