შალვა პაპუაშვილი - ყველა ნიშანი აჩვენებს და ფაქტია, არის ჯგუფი, რომელიც გადატრიალებისთვის ემზადება, არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება
ყველა ნიშანი აჩვენებს და ფაქტია, არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, ცდილობენ გადატრიალებისთვის საბაბის შექმნას.
„არ ვიცი ეს კონკრეტული განცხადება, მაგრამ ყველა ნიშანი აჩვენებს და ფაქტია, არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და რომანტიზება ამის არ შეიძლება. ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელსაც აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამზადებენ საბაბს ზუსტად იმ „ენჯეოების“ გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ცდილობენ, ყალბი ანგარიშები შეადგინონ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს; ყალბი „პივიტის“ გავრცელებით შეიქმნან საბაბი გადატრიალებისთვის, ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და ამ ძალების დამაჯერებელი დამარცხება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია რევოლუციითა და სისხლით იმუქრება, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.