შალვა პაპუაშვილი - ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია უფრო მეტი ინტეგრაციისკენ ნატო-სა და ევროკავშირთან, არათუ მისაღებია, არამედ ჩვენი ინიციატივაა
„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა ნათქვამი, რომ 2024 წელს ვაპირებთ განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც მიზანი“.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია უფრო მეტი ინტეგრაციისკენ, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირთან, არათუ მისაღებია, არამედ ჩვენი ინიციატივაა. ეს განცხადება ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრება იყო, საჭიროა ამ დიალოგში მოვძებნოთ ჩვენ ის ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.