შალვა პაპუაშვილი - ყველა დაინახავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ, ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ისევ „ფრი მიშას“ კამპანიას დაუბრუნდებიან
შალვა პაპუაშვილი - ყველა დაინახავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ, ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ისევ „ფრი მიშას“ კამპანიას დაუბრუნდებიან

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც სისტემა შექმნა, ადამიანის რომელ უფლებებსა და ღირსებაზე საუბრობენ? ეს არის პიარული სახადი, რომელსაც ისინი მოიხდიან, ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ბოლოს ისევ „ფრი მიშას“ კამპანიაში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღეს უკვე ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, სადაც საუბარი არ იქნებოდა, რაღაც ათი თეთრით გაძვირდა თუ გაიაფდა.

„ბოლო სამი წელია, რაც ამ მოწვევის პარლამენტში არიან ეს პარტიები და მათ არ გახსენებიათ მოქალაქეები, მათი სოციალური უფლებები და ეკონომიკური მდგომარეობა. სამი წელია, მათი სიზმარიც და ცხადიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, არაფერი მის მიღმა. ახლა, როცა ამ თემებზე დაიწყეს საუბარი, ეს არის  აბსოლუტურად ხელოვნური და ეტყობა კიდეც იმ ჭრელ ბანერებზე, რომელსაც ისინი ამერიკული გემოვნებით ხატავენ. მათ ამ საკითხებთან არანაირი ემოციური კავშირი არ აქვთ. ეს პარტიები ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, არათუ ფასებზე იქნებოდა საუბარი, დღეს გვექნებოდა კუპონები და მილიონები ეღირებოდა პური თუ სხვა პროდუქტი. ეს პარტიები საქართველოს ომისკენ მიაქანებდნენ. ჩვენ დღეს უკვე ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით ნანგრევებში, სადაც საუბარი არ იქნებოდა, რაღაც ათი თეთრით გაძვირდა თუ გაიაფდა. საქართველოში კუპონები იქნებოდა. ეს ის თემაა, როცა, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობას“ არ ვურჩევ, ამ პროცესში შევიდნენ, რადგან ორ კვირაში მოქოქილი ენერგიიდან დაიცლებიან და შემდეგ ყველა დაინახავს, რომ მათ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ. ეს არის პარტია, რომელმაც სისტემა შექმნა, ადამიანის რომელ უფლებებსა და ღირსებაზე საუბრობენ? ეს არის პიარული სახადი, რომელსაც ისინი მოიხდიან, ეს ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის, ბოლოს ისევ „ფრი მიშას“ კამპანიაში დაბრუნდებიან და ამაზე საუბარი ექნებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.