შალვა პაპუაშვილი - ყოფილი პრეზიდენტიც უნდა იყოს ერთიანობისა და თანხმობის სიმბოლო
ზოგადად, თავს ვიკავებ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ აქტივობებზე კომენტარის გაკეთებისგან, ვინაიდან ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება მისი თუნდაც დღევანდელი სტატუსი იმ დესტრუქციულ აქტივობას, რომელშიც არის ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, არ უნდა იყოს ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„პრეზიდენტის ინსტიტუტის სიძლიერე მის სიმბოლურობაშია. ის არის სიმბოლო ერთიანობის, სიმბოლო შფოთვისა და ერთმანეთთან გარკვეული უთანხმოების აღმოფხვრის, შერიგების. როდესაც პრეზიდენტი, პირიქით, თავად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, რადიკალიზების წახალისებაში, ის არ შეესაბამება მის სტატუსს. ამიტომ ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ის გახლავთ ყოფილი პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძაფრად არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ჩართულია დესტრუქციაში. ჩვენ ასეთი ვიცით ერთი პრეზიდენტი, რომელიც იმდენ დესტრუქციაში გადავიდა, რომ ბოლოს საქართველოში გადატრიალება მოინდომა, შემოიპარა ქვეყანაში, ამიტომ ასეთ მაგალითებს არ უნდა მიჰყვეს არავინ. ყოფილი პრეზიდენტიც უნდა იყოს სიმბოლო ერთიანობისა და თანხმობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.