შალვა პაპუაშვილი - წლებია, მიდის მუშაობა, ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, შოვის ტრაგედიისას დაზარალებულის სტატუსი კი პროკურატურის საკითხია
წლებია, მიდის მუშაობა და ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მიდის დამონტაჟებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა სტატუსს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს პროკურატურის საქმეა.
„გარემოს დაცვის მინისტრი როდესაც იმყოფებოდა „საათის ფარგლებში“, იყო ამ საკითხზე საუბარი, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სხვადასხვა წინასწარი შეტყობინების სისტემის როგორც კონცეფციის განვითარებაზე, ისე მის განხორციელებაზე. სხვათა შორის, ეს არის საკითხი, რომელზეც, წლებია, მიმდინარეობს მუშაობა, იმ ადგილების შერჩევაზე, სადაც მნიშვნელოვანია, წინასწარი შეტყობინებების სისტემები იყოს. მიდის დამონტაჟებაც. ახლახან, თუ არ ვცდები, სვანეთში დამონტაჟდა ასეთი სისტემები, ლეჩხუმშიც; ასევე სხვადასხვა სახის სპეციალური რადარები, რომლებიც სხვადასხვა ასეთ მოვლენებზე ინფორმაციას იძლევა. ასე რომ, სახელმწიფო ზუსტადაც რომ ამას აკეთებს.
რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, ეს სამართლებრივი საკითხია, ამიტომ მე ამას ვერ ვუპასუხებ. ეს არის პროკურატურის საკითხი. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ, მათ შორის, გაიცა კომპენსაციები დაზარალებულების მიმართ. რაც შეეხება არასისხლისამართლებრივ ნაწილს, სახელმწიფო ზრუნვას დაზარალებულებზე, არის კომპენსაციები, შესაბამისი დახმარება, მათ შორის მატერიალური ზიანისთვის. რაც შეეხება თვითონ სისხლის სამართლებრივ საქმეს თუ გამოძიების პროცესში დაზარალებულის იურიდიულ სტატუსს, ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.