შალვა პაპუაშვილი - ვპასუხობთ საზოგადოების, მეორე მხრივ კი, შინაგან მოთხოვნას, რომ გავხდეთ იმ იდეის ნაწილი, რაც საქართველოს საუკუნეები ჰქონდა, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისას
შალვა პაპუაშვილი - ვპასუხობთ საზოგადოების, მეორე მხრივ კი, შინაგან მოთხოვნას, რომ გავხდეთ იმ იდეის ნაწილი, რაც საქართველოს საუკუნეები ჰქონდა, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს რეკომენდაციების შესრულებისას. რაც შეეხება პროცესის ინკლუზიურობას, რასაც ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს, პაპუაშვილის თქმით, ვერავის აიძულებენ, იყოს სამუშაო პროცესის მონაწილე, ერთადერთი, შეუძლიათ, გახსნან კარი პოლიტიკური ჯგუფებისთვის.

შალვა პაპუაშვილი ინტერვიუში ასევე საუბრობს პარლამენტის როლის, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ოპოზიციასთან თანამშრომლობის საკითხებსა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ თემებზე.

გკითხავთ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და არა, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პასუხისმგებლობა არის მაღალი, მმართველ გუნდში გათვითცნობიერებულია თუ არა ეს პასუხისმგებლობა და გადაზღვეულია თუ არა თქვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური შეცდომა, რამაც შეიძლება, დაბრკოლება შექმნას ამ გზაზე?

– თავისთავად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც მხარს გვიჭერს, ევროპული არჩევანის მქონე საზოგადოებაა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი, გვაქვს ეს არჩევანი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ დეპუტატს, რომელიც სხდომათა დარბაზშია. ამიტომ, ერთი მხრივ, ვპასუხობთ საზოგადოების და მეორე მხრივ, ჩვენს შინაგან მოთხოვნას, რომ გავხდეთ იმ იდეის და ოჯახის ნაწილი, რაც საქართველოს ათწლეულები და საუკუნეები ჰქონდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისას.

ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს ინკლუზიურ პროცესს, თუმცა ოპოზიცია არ გენდობათ, ამის არგუმენტად საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღებასა და შარლ მიშელის დოკუმენტს ასახელებს. თქვენ მათ დესტრუქციულ ძალებად მიიჩნევთ. ამ რეალობის გათვალისწინებით, როგორ აპირებთ ხიდების შენებას და ამის პოლიტიკური ნება თუ გაქვთ? ამ პროცესში იქნებით თუ არა ნეიტრალური არბიტრი?

– ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საკმაოდ რთული დაბადების პროცესი ჰქონდა. გვახსოვს ბოიკოტიც, საბოტაჟიც და სხვა დანარჩენიც, თუმცა სწორედ ეს არის დეპუტატების წარმატება, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული ატმოსფერო გაუმჯობესდეს. ამ წარმატების შედეგია, რომ ზაფხულის განმავლობაში, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობდა, რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი პოლიტიკური ჯგუფი თანამშრომლობდა. ახლა უკვე ნელ-ნელა, სამი ჯგუფიდანაც არიან, ან ცალკეული დეპუტატებიც, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებებში მოგვყვებიან. მაგალითისთვის, სტრასბურგის სასამართლოზე მომზადებულ კანონპროექტს მხარი ყველამ დაუჭირა, ასევე, სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურებზე შევთანხმდით. გარკვეული უნდობლობები შეიძლება, დარჩეს და არის დესტრუქციული ელემენტებიც, თუმცა ჩვენი მიდგომა მარტივია. როცა ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, ვერავის ვაიძულებთ, რომ პროცესის მონაწილე იყოს. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელშია, გავაკეთოთ, არის, რომ პროცესის კარი გავხსნათ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეიძლება, პროცესში არ არიან ჩართულნი. კარები უნდა იყოს ღია, მიუხედავად იმისა, დღეს შემოვლენ თუ – არა, კარი მაინც არ უნდა დავხუროთ. ეს კარი უნდა იყოს ღია ხვალაც, ზეგაც და, ადრე თუ გვიან, ყველა ამ პროცესის ნაწილი გახდება, როგორც კი ნახავს, რომ სიტუაცია ასეთი წარმატებულია.

ამ ღია კარების შემდეგ რა იქნება, როგორი  იქნება შედეგი? რის დათმობას აპირებთ თქვენ ან ისინი, რადგან სასწორზე დგას ქვეყნის მეტი ინტეგრაციის პროცესი

– სწორედ იმიტომ, რომ არ მისულიყო საკითხი იქამდე, არჩევანი ჰქონოდა ამა თუ იმ ჯგუფს, რა დაეთმო ან არ დაეთმო, ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო შემდეგი – თავიდანვე არ გვქონოდა პოზიცია დაფიქსირებული ამა თუ იმ საკითხზე და შეგვექმნა სამუშაო ჯგუფები, სადაც იქნებოდა მსჯელობა ყველა საკითხზე. ასევე, გვეცადა, ერთობლივად მივსულიყავით გადაწყვეტილებამდე და არა ისე, რომ ერთი მხარე იტყოდა თავის პოზიციას, მეორეს მეორე და ყოფილიყო ჭიდილი, ვინ რას დათმობდა და რამდენ სანტიმეტრს მოაკლებდა ძალიან მაღალი მოთხოვნებიდან. ამან აჩვენა, რომ ეს იყო სწორი მიდგომა. საარჩევნო ცვლილებებს ან საპარლამენტო კონტროლის ნაწილს თუ ავიღებთ, პროექტები უკვე დაინიცირებულია და სამუშაო ჯგუფი კონსენსუსამდე მივიდა. საკითხი უნდა დავსვათ არა ისე, ვინ რას დათმობს, არამედ, რა არის უკეთესი. უნდა ვიკამათოთ, რა არის უკეთესი და არა იმაზე, ვინ რას დათმობს, რადგან საქართველოში შეჯახების კონცეფცია ბევრჯერ იყო და არ მუშაობს.

საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით რა იცვლება? დეპუტატები პარლამენტში დადიან, მაგრამ მინისტრები სადეპუტატო კითხვებს შესაბამის პასუხებს არ სცემენ. მომავალი ორი წლის განმავლობაში იქნებით თუ არა ამ ინსტიტუციის გაძლიერების გარანტი?

– პარლამენტის თავმჯდომარედ როცა ამირჩიეს, ვთქვი, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი საპარლამენტო სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, სხვა სახელისუფლო შტოებთან პარლამენტის როლის გაძლიერებას, ასევე პარლამენტის, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს შიგნით, თუ გარეთ. ეს არის ორგანო, სადაც არიან ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, რომელთაც აქვთ სახალხო მანდატი, ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბონ პოლიტიკა და მიიღონ კანონები. ამის ნაწილია სხვა სახელისუფლო შტოებთან პარლამენტის სიძლიერე, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. ვმსჯელობდით, რა უნდა გაძლიერებულიყო და გამოიკვეთა სურვილი, რომ უნდა იყოს მეტი ინტერაქცია მთავრობასთან, რათა საპარლამენტო ფორმატში იყოს დიალოგი და დისკუსია. სხვათაშორის, ამ თვალსაზრისით, ახალი რეგლამენტით, პარლამენტი საკმაოდ დატვირთულია. დაახლოებით 30 წლიური ანგარიშის მოსმენა უწევს პარლამენტს სხვადასხვა ფორმატში. ასევე, 27 შიდა ანგარიშია. 60-მდე ანგარიშია, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ვისმენთ, ეს არის მოცულობითი სამუშაო. საპარლამენტო ზედამხედველობის დროს მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობას მთავრობასთან კომუნიკაციის და დისკუსიის სხვა არხები და შესაძლებლობები აქვს. სადეპუტატო კითხვა იქნება, „მინისტრის საათი“, თუ ინტერპელაცია, ეს ოპოზიციის ინსტრუმენტია. მათ ხელშია, რომ ეს ინსტრუმენტები ეფექტიანად გამოიყენონ. „მინისტრის საათზე“ თუ ვსაუბრობთ, გვინახავს „მინისტრის საათი“, სადაც ოპოზიციისგან დიდი ინტერესი არ იყო, ან კითხვას დასვამდნენ და პასუხს არ უსმენდნენ. გარკვეულ ინსტრუმენტებს დავხვეწთ და გავაძლიერებთ, თუმცა მთავარია, ამ ინსტრუმენტების სწორი, ადეკვატური და ინტენსიური გამოყენება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, პარლამენტი უფრო ძლიერად წარმოჩინდეს ამ მიმართულებით.

ოპოზიციას აქვს პრეტენზია, რომ მათ ინიცირებულ კანონპროექტებს არ იხილავთ. ეს არის შემთხვევითი, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უზრუნველყოფთ, რომ მათი კანონპროექტები განხილული იყოს?

– კომიტეტების მეტად ეფექტიანად მუშაობას ყურადღებას ვაქცევ, მოქალაქეების წინადადებები, თუ ინიციატივები რომ დროულად იყოს განხილული. გარკვეული ობიექტური მიზეზი იმისა, რომ შეიძლება, იყოს აქამდე განუხილველი ინიციატივები, არის ის, რომ ტურბულენტური პროცესები გამოვიარეთ. იყო ბოიკოტი, საბოტაჟი, საპარლამენტო ჩარჩოებს მიღმა გასვლა. ამ დროს კონსტრუქციული თანამშრომლობა რთულია, თუმცა როგორც კი კონსტრუქციულია თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში საკითხების განხილვაც უფრო კოლეგიალური და ადვილია.  ნაწილობრივ ვიზიარებ პრეტენზიას, რომ ინიციატივები დროულად უნდა იყოს განხილული და ამას ვაქცევ ყურადღებას. სხვათაშორის, საშემოდგომო სესია რაც დავიწყეთ, რამდენიმე კომიტეტზე იყო მათ შორის ოპოზიციის ინიციატივების განხილვა. ამას მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, განხილვა იყოს არგუმენტირებული. გაიზიარებს თუ არა პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, ეს მათი გადასაწყვეტია.

სადაო ხდება სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საკითხი. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური ცვლილებების პოლიტიკური ნება არ აქვს. შეგიძლიათ, გვითხრათ, რას აპირებთ?

– სასამართლო რეფორმაზე იყო მსჯელობა მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა 12 რეკომენდაცია. სხვადასხვა ფორმატში მითქვამს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი როცა აყენებს ძირეული რეფორმების საკითხს, იქნება დისკუსიები და საბოლოო ჯამში ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიციის ეს ნაწილი დააყენებს, გახლავთ ე.წ. ორმაგი, ორი/მესამედი უმრავლესობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც რეალურად ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. სინამდვილეში, ოპოზიციის ამ ნაწილს არ აინტერესებს სასამართლოს რეფორმა, რომ ხარვეზები გამოვლინდეს, არამედ უნდათ გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათი ინტერესია იქ რამდენიმე ადამიანის შეყვანა, რომლებიც შეძლებენ გადაწყვეტილებების დაბლოკვას, ან საკუთარი გადაწყვეტილების თავსმოხვევას. სამწუხაროდ, საკითხი აქამდე მივიდა.  როცა მუშაობა დაიწყო, შევთავაზეთ, სიტყვიერად აზრების გაცვლისა და მუდმივად კლიშეების მიწებების ნაცვლად, აღეწერათ რეფორმები, რაც გატარდა და სად ვიმყოფებით, რა არის ხარვეზები, როგორ უნდა გამოსწორდეს. ეს მხოლოდ „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთეს. როცა საქმე საქმეზე მიდგება და ვმსჯელობთ, რა გამოწვევები აქვს სასამართლოს და როგორ შეიძლება, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ, საბოლოო ჯამში, ყველა ეს დისკუსია დადის იმ საკითხამდე, რომელიც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აინტერესებს. ეს საკითხი იქამდე მიდის, რომ მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტიელებების მიღების ბერკეტი  ჰქონდეთ, რაც სცდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაგებას და იმ მიზნებს, რაც რეფორმას უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ამ რეფორმის მიზნები იყოს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან არ აქვს მიღებული უმრავლესობის მანდატი, ასეთი შემოვლითი გზებით შეეცადოს ბერკეტების მიღებას ნებისმიერ ინსტიტუტში, ამ შეთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების. ეს არის მექანიზმი, რომელიც უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ იუსტიციის საბჭოს 15-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე წევრს შეეძლება უმრავლესობის გადაწყვეტილების დაბლოკვა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? სინამდვილეში, კვალიფიციური უმრავლესობის ან ორმაგი, ორი/მესამედის წარმოჩენა ხდება, თითქოს ეს არის კონსენსუსის მიღწევის მექანიზმი, მაგრამ სინამდვილეში ეს გულისხმობს არა კონსენსუსის მიღწევას, არამედ არის მექანიზმი, უმცირესობამ დაიყოლიოს უმრავლესობა საკუთარ პოზიციაზე. ამას გვაჩვენებს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო პრაქტიკა. ვწუხვარ, რომ გამართლდა ჩემი სიტყვები, როცა ვამბობდი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს არანაირი სხვა ინტერესი სასამართლოს სისტემის გაუმჯობესების არ აქვს, გარდა ერთისა – გადაწყვეტილების ბერკეტის მიღება სასამართლოში, რათა გავლენა მოახდინონ დანიშვნებზე, სხვა გადაწყვეტილებებზე და სასამართლო ხელისუფლებაში მიიღონ გავლენა.

და ბოლოს, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია მათ ინტერესებს არ ატარებს. გაითვალისწინებთ თუ არა მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს თქვენს საქმიანობაში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე?

– პარლამენტი სპეციფიური ინსტიტუციაა მთავრობასთან და სხვა ინსტიტუტებთან შედარებით, რადგან პარლამენტი თავის თავშივე გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფთან თანამშრომლობას. შესაბამისად, მოქალაქეების დამოკიდებულებაც სხვადასხვაა. პარლამენტი არ არის აღმასრულებელი, ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც ადვილად შეიძლება, მოსახლეობას აჩვენო, რამდენად მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანია მისთვის. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკის ისე განსაზღვრა, რომლის დადებით შედეგებსაც მოსახლეობა საკუთარ თავზე ნახავს, თუმცა ეს ისეთი შემოვლითი გზით არის, რომ ხშირად შეიძლება, პირდაპირი კავშირები არ ჩანდეს.