შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, რა კრიმინალური ენერგია არსებობს ადამიანში, რომელმაც ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და მოდიოდა არეულობის მოსაწყობად, უნდა დასრულდეს იდეოლოგია, რომელზეც არის დამყნობილი „ნაციონალური მოძრაობა“
სააკაშვილი ციხეში აწყობს ქართულ მართლმსაჯულებას, რადგან სამივე ინსტანციის მიერ მიღებული არის ორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დენიელ ფრიდის განცხადება, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა „ქართულ ოცნებას“ ვნებს.
„ერთია გელაშვილის ცემის საქმე, როდესაც ადამიანმა შეუკვეთა ადამიანის ცემა და მხოლოდ იღბალი აღმოაჩნდა მას, რომ გადაურჩა სიკვდილს. მეორე შეეხება სანდრო გირგვლიანის საკითხს და ამ საზოგადოებაში თუკი კითხვის ნიშანი დაისმებოდა სანდრო გირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით, რომ ვინმეს მსჯავრი არ უნდა მოეხადა, ეს არის საკვირველი. აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც გირგვლიანის, ისე ვალერი გელაშვილის საქმეზე ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სრულად, ბაჩო ახალია დღემდე გახლავთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე შეაფასა დენიელ ფრიდის განცხადების ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება დაბრუნდა ოცნებით, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. პაპუაშვილის თქმით, ამაზე მმართველი გუნდიც საუბრობდა და ამბობდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მოდიოდა, რათა არეულობა მოეწყო.
„რაც შეეხება რევოლუციის ნაწილს, რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ემზადებოდნენ სამი ოქტომბრისთვის და ამაზე ვსაუბრობთ დღესაც, რომ ისინი ემზადებიან 31 ოქტომბრისთვის. ჩვენ ვნახეთ, რა კრიმინალური ენერგია არსებობს ადამიანში, რომელმაც ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და მოდიოდა არეულობის მოსაწყობად. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არ დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ და არც 31 ოქტომბერს დაუშვებს ამას. არეულობის, ბუნტის, რევოლუციის მომწყობი ძალა რომ არის, ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღე და სწორედ ამიტომ ვაცხადებთ, რომ უნდა დასრულდეს ის იდეოლოგია, რომელზეც არის დამყნობილი „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.