შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ მცდელობები, სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის აქციებით, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე
ვნახეთ მცდელობები, სასამართლოზე ზეწოლა ყოფილიყო, მათ შორის აქციებით, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოზე ზეწოლაზე.
„ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური მოთხოვნა, მათ შორის ყველა მოქალაქის მხრიდან და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პარტიებს და, მით უფრო, პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ სასამართლოზე ყოფილიყო ზეწოლა, მათ შორის ასეთი სახის აქციებით. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დარჩება ამ ზეწოლებისგან დამოუკიდებელი. რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ასეთი აქცია ბევრი ვნახეთ. ასევე ვნახეთ საქართველოს მოსახლეობის პასუხი ასეთ აქციებზე. საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია, უარს ეუბნება ყოველგვარ რადიკალიზმს და ამ საკითხთან დაკავშირებითაც, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა უარს იტყვის რადიკალიზმზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს სოციალური ქსელით გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ამ საკითხს ექსპერტის თვალით ვერ შეხედავს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს, როგორ გამოიყურება ადამიანი“.
„ეს პროცესი სამართლებრივია, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ექიმები არიან ჩართულები. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს, არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით. სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ, მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს და ექსპერტიზას. როგორც სხვა საკითხებში, ჩვენი სასამართლო არის მწყობრად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, ამ საქმეშიც ეს მოლოდინი მაქვს. მე ეს ფოტოები ვნახე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხს ექსპერტის თვალით ვერ შევხედავ. მე ამის განსაზღვრის შესაძლებლობა არ მაქვს, როგორ გამოიყურება ადამიანი. ამ საკითხებზე მსჯელობა სრულად არის სამედიცინო და სასამართლოს კომპეტენცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.