შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა
ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა სიტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლიეტუვის მოქმედი მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, რასაც სახავდა ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად.
„არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. ასეთი ანტიქართული განცხადებების ავტორი როდესაც არის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასაკვირი არ არის, რომ შეიძლება, ასეთ ქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი. მე მაშინაც ვთქვი, ჩვენ ლიეტუველი, ესტონელი, ლატვიელი ხალხის მიმართ გვაქვს განსაკუთრებული კავშირი და სითბო, თუმცა, როგორც ჩანს, არიან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ვხედავთ, მათ შორის, მოქმედი მინისტრი მოგვიწოდებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ამას სახავდა როგორც ჩვენი ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად. მათ რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლებენ თავიანთი ხალხის და ჩვენი ხალხის მეგობრობას, მაგრამ ჩვენ როგორც გვერდში ვუდგავართ ლიეტუველ ხალხს, ასე დავუდგებით გვერდში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, აქედან გამომდინარე, ამაზე არ ვაწყობთ ჩვენს დამოკიდებულებას ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, გია ზურაბაშვილს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების მიერ ანდრიუს კალინდრას დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩს განემარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებები, მინისტრის აქციაში მონაწილეობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.