შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, ვნახეთ ოჯახში მივარდნები, რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, ვნახეთ ოჯახში მივარდნები, რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და ეს უკვე აქსიომაა.

„რა მომენტშიც სუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმ მომენტში ძლიერდება ქართული დემოკრატია, მათ შორის ვგულისხმობ პარტიულ მრავალფეროვნებას. „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების ერთადერთი გზა არის მისი ნარატივის დასუსტება ან დასრულება.

რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ბოლო ათი წლის განმავლობაში – ეს არის მათი მმართველობის გაფეტიშება, გაღმერთება და, შესაბამისად, ლიდერის. მათ შემდეგ არსებული მმართველობის მიუღებლობა და დელეგიტიმაცია. ორი საყრდენია, რაზეც დგას „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი – მიხეილ სააკაშვილი, როგორც გარკვეული კულტი, რომ ის არის გადაწყვეტილებების მთავარი  მიმღები, თითქოს მხოლოდ მას შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მათი მმართველობა იყო ერთადერთი სწორი; მეორე – მას შემდეგ არსებული მმართველობის მიუღებლობა და დელეგიტიმაცია.

ამ ნარატივში ჯდება ხოლმე სწორედ მცირე ოპოზიცია, ერთში ან მეორეში, ან ორივეში. უფრო ადვილად, მეორეში, რაც გულისხმობს ხელისუფლების მიუღებლობას, დელეგიტიმაციას, არაღიარებას დემოკრატიული ინსტიტუტების, არაღიარებას არჩევნების.  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხრა არჩევნები კი წააგო, მაგრამ  არცერთი წაგება არ უღიარებიათ.

დღეს ბოიკოტი გამოაცხადეს, მანდატებს არ ვთმობთო. კი არიან პარლამენტში, მაგრამ არ აღიარებენ, რომ არიან უმცირესობაში, რომ მათ ხალხმა ჩამოართვა სახელისუფლო მანდატი. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება თუ დასუსტება გულისხმობს მისი ნარატივის დასრულებას, ხოლო მისი ნარატივის დასრულება გულისხმობს მათი მმართველობის მიმართ მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებას, იმ რეჟიმის, არადემოკრატიული სისტემის მიმართ, რომელიც არსებობდა; რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ამ დემოკრატიული ინსტიტუტების, პარლამენტის, მთავრობის და ა.შ. აღიარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, არ უნდა წარმოიდგინონ, თითქოს „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ქმნის საფრთხობელას „ნაციონალური მოძრაობისგან“.

„რეალური საფრთხეა, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნას. ჩვენ ვხედავთ, რა სისტემა შექმნეს მათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, მათ შორის გუშინ ვნახეთ ოჯახში მივარდნები პირდაპირ. ეს ის მეთოდებია, რაც მათ ჰქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა ოპოზიციაში არიან, უბრალოდ, მათ არ აქვთ სახელისუფლო ბერკეტები, რომ ძალადობრივი მიზნები განახორციელონ. რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებასაც კი მიიღებენ, და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე ვნახეთ, როგორ დაიწყო იქ პირდაპირ რეპრესიები, მათ შორის საბავშვო ბაღებში, რა მომენტშიც კი ერთ მისხალ ძალაუფლებას მიიღებენ, ამ ძალაუფლებას განახორციელებენ. ეს საფრთხე ჯერ აცილებული არ არის სწორედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური პარტია, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემა, ოფიციალურად ეს სისტემა იყო ჩამოყალიბებული და აღიარებენ კიდეც, სისტემა, რომელიც იყო დამყარებული ადამიანის ჩაგვრასა და დათრგუნვაზე, ეს პარტია დღესაც 20-დან 30 პროცენტამდე ხმებს იღებს არჩევნებზე, რაც ქართული დემოკრატიის პრობლემაა.

ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, იპარაზიტონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე, ფიქრობენ, რომ რადგან იქ არის კონსოლიდირებული ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, იქნებ იქიდან წამოიღონ ხმები და ყოველ ჯერზე უშვებენ ამ შეცდომას. საბოლოო ჯამში, არიან ღამურის პოზიციაში, კარგავენ თავიანთ ამომრჩეველსაც და ვერც ახალ ამომრჩეველს იღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.