შალვა პაპუაშვილი - ვისმენდით დეპუტატების განცხადებებს, რომ ეს კომისია უნდა შეიქმნას, რათა მტკიცებულებები შეუქმნას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც, როგორც ჩანს, მტკიცებულებები არ აქვს
ვისმენდით დეპუტატების განცხადებებს, რომ ეს კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მტკიცებულებები შეუქმნას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც, როგორც ჩანს, არ აქვს მტკიცებულებები. ეს კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ჩვენ ვალდებული ვართ, რაღაც გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური გამწვავება გარედან შემოტანილ საკითხს შეეხებოდა.
„არ მინდა, მძიმედ შევაფასო, მაგრამ ეს ადამიანები არიან საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები. ეს არის უდიდესი პრივილეგია, წარმოადგენდე შენს ხალხს და შენს ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოში და ისტორიის რაღაც მონაკვეთში გქონდეს შესაძლებლობა, რომ შენი ქვეყნის ბედ-იღბალზე გქონდეს გარკვეული გავლენა. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობითა და პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობით იმდენად არაპატრიოტული ქცევაა, არ ეწერება არც ქართულ ხასიათში და არც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, რომელიც 30 წლის განმავლობაში გვქონდა. ჩვენ თუ შევხედავთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სად ჰქონდათ პოლიტიკური გამწვავებები, ყველა ეს საკითხი გარედან იყო შემოტანილი. გავიხსენოთ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული ამბავი, პირველი საკითხი იყო ეს და გარედან შემოგდებული თემა იყო მოხალისეების გაგზავნის, გარედან იყო ზეწოლის ტალღა და ამ ტალღაზე წამოჯდომას შეეცადა მაშინ ოპოზიცია, სტატუსზეც იგივე იყო და ახლაც ზუსტად იგივეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.