შალვა პაპუაშვილი - ვინმეს თუ სურდა, ვებგვერდზე გაცნობოდა განკარგულებებს, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესაძლებლობა ექნება, მთავრობა მიჰყვებოდა პრაქტიკას, რომელიც დაამკვიდრეს გახარიამ და მისმა გუნდმა
ვინმეს თუ ჰქონდა სურვილი, ვებგვერდის მეშვეობით გაცნობოდა მთავრობის ამა თუ იმ განკარგულებას, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „რატომ მალავდა ირაკლი ღარიბაშვილის უწყება დადგენილებებს და ახლა ხომ არ აპირებს ირაკლი კობახიძე დადგენილებების გასაჯაროებას?“
„ეს იყო სისტემა და პრაქტიკა, რომელიც გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა დაამკვიდრეს. შემდეგ, უბრალოდ, მთავრობა მიჰყვებოდა იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობდა. ირაკლი კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილება გააჟღერა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი, ვებგვერდის მეშვეობით გაცნობოდა ამა თუ იმ განკარგულებას, ექნება ამის შესაძლებლობა.
„ქართული ოცნება“ ამაში რაიმე პრობლემულს და განსაკუთრებულს ვერ ხედავს. სინამდვილეში, ხომ არ ვიცით ამ განკარგულების მიმართ საზოგადოების ინტერესი? არის რამდენიმე „ენჯეო“, რომლებსაც ეს აინტერესებთ, რომ ყველანაირ დოკუმენტებში ჰქონდეთ ხელი, ამისთვის აქვთ პროექტები, ამისთვის აქვთ მილიონიანი გრანტები აღებული და ამ გრანტებისთვის შესაბამისად ვერ მუშაობდნენ. კი ბატონო, ახლა ექნებათ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ შესაბამისად და თვალონ განკარგულებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.