შალვა პაპუაშვილი - ვინმეს თუ ცესკო-ს რომელიმე წევრის მიმართ პრეტენზია აქვს, არსებობს საგამოძიებო კომისია, უნდა მივიდნენ ან წარმოადგინონ თავიანთი პრეტენზიები
ვინმეს თუ ცესკო-ს რომელიმე წევრის მიმართ პრეტენზია აქვს, არსებობს საგამოძიებო კომისია და უნდა მივიდნენ ან წარმოადგინონ თავიანთი პრეტენზიები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოს“ მხრიდან თამარ ჟვანიას თანამდებობიდან დატოვების მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ხდება ცალკეული ადამიანების დემონიზება და მათზე შეტევა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ხალხი მსჯელობს სტალინისტური ფრაზებით, რომ „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“. ასეთი მიდგომა პოლიტიკოსების მხრიდან აჩვენებს, რომ კონცენტრირებული არიან ადამიანებზე. ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ხდება ცალკეული ადამიანების დემონიზება, მათზე შეტევა ხდება, იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ სისტემაზე, პროცედურებზე და ვისაუბროთ იმაზე, რომ არ იყოს, არ დარჩეს ამ პროცედურებიდან გამომდინარე საერთოდ სივრცე სპეკულაციებისთვის. მიდგომა – „არ არის ადამიანი და არ არის პრობლემა“ და „არის ადამიანი, არის პრობლემა“, ეს არის სტალინისტური მიდგომა და არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკოსები ამ განზომილების მსჯელობდნენ, თავი რომ დავანებოთ იმას, რამდენად აქვს ამას საფუძველი. ვინმეს თუკი პრეტენზია აქვს ცესკო-ს რომელიმე წევრის მიმართ, არსებობს საგამოძიებო კომისია და უნდა მივიდნენ, ან წარმოადგინონ თავიანთი პრეტენზიები, ეს ფორმატი აძლევს საშუალებას მათ შორის ცესკო-ს წევრები დაიბარონ, რომ გამოკითხონ და თვითონაც დარწმუნდნენ და საზოგადოებასაც აჩვენონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ტალახის სროლა და ადამიანების დემონიზება, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან პოლიტიკაში და აქვთ გარკვეული გავლენები, არის არასწორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.