შალვა პაპუაშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება, რათა დაიცვას დამოუკიდებლობა და მამულის, ენის და სარწმუნოების ტრიადა, უკვე აჩვენებს, რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ენჯეოსექტორის წარმომადგენელთა განცხადებები აჩვენებს, რომ, შიშიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ მანიპულაციებისა და მაქინაციების მოფიქრებას, თითქოს ვიღაცას შეკრებაზე მისვლას აიძულებენ.
„განცხადებები მხოლოდ შიშს აჩვენებს ოპოზიციაში და იმ ენჯეოსექტორში, რომელიც ანტიქართული მოძრაობის ორგანიზატორია. შიშს დიდი თვალები აქვს და კარგად ხედავს, რას დაინახავენ 29-ში. ისინი დაინახავენ ერთად მდგომ ქართველ ხალხს. ამ შიშიდან გამომდინარე, ახლა ცდილობენ მანიპულაციებისა და მაქინაციების მოფიქრებას, თითქოს ვიღაცას მოსვლას აიძულებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, ათიათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე, ან როგორ შეიძლება, ვინმეს იძულება დასჭირდეს იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია დაიცვას, რომელსაც დღეს უკვე ღიად თავს ესხმიან. ამას რომ საერთოდ ვინმე ფიქრობს და საჯაროდ ამბობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება, რათა დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და ტრიადა – მამულის, ენის და სარწმუნოების, უკვე აჩვენებს, თუ რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ სპეკულაციებს ცდილობს. 29 აპრილზე ყველას მოვუწოდე არაერთხელ, ეს ჭეშმარიტების ერთ-ერთი მომენტია, რომელიც იშვიათად დგება ხოლმე ერის ისტორიაში და ჭეშმარიტების ერთი ასეთი მომენტი დგება 29 აპრილს, როდესაც ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ერიც და ბერიც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ფასეულობებისა და ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა არის 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ დაუთმობს შიდა თუ გარე დამფინანსებლებს დამოუკიდებლობას და მმართველი გუნდის მთავარ პრინციპს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების წყარო ხალხია.
„მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავარ პრინციპი, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, არ ვაპირებთ, დავუთმოთ ორგანიზაციებს და შიდა თუ გარე დამფინანსებლებს. ჩვენ ეს განმტკიცებული გვაქვს ჩვენს კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი კანონი ექნება მას, როგორი ხელისუფლება ეყოლება და როგორი ღირებულებებით აპირებს, გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ერმა. ღირებულებებს თავს ვერ მოგვახვევენ. გვპირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, თითქოს ეს პროცესი უცხო ფინანსების შემოდინებისა მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდააო და ვხედავთ, ხარჯების დამალვით და შემდეგ შემთხვევით აღმოჩენით, როგორ ფინანსდება რადიკალური ჯგუფები, დეზინფორმაცია, ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიები. ამას ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. სწორედ ქართველ ხალხს აქვს ის ძალა, რომელმაც ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, უნდა დაანახოს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს საკუთარი თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის ხელყოფას და დიქტატის ქვეშ ცხოვრებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.