შალვა პაპუაშვილი - ვინმე თუ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, უნდა დაამტკიცოს, პლებისციტს აბსურდად განვიხილავთ
პლებისციტს აბსურდად განვიხილავთ. საჯარო მსჯელობისას ვამბობდით, რომ არ შეიძლება, უმიზეზო რიგგარეშე არჩევნები ვინმეს ინტერესში იყოს. რაც შეეხება მიზეზს, ყველაზე კარგი და ჩვენი ოპონენტების სასარგებლო წინადადება ჩვენ გავაკეთეთ და დროებითი საგამოძიებო კომისია შევქმენით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე სამართლებრივად მოქმედებს პრინციპი, რომ ვინც პრეტენზიას აცხადებს, მან პრეტენზიის ვალიდურობა უნდა ამტკიცოს.
„თუ ვინმე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, უნდა დაამტკიცოს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ვთქვათ, ამის დამტკიცება ვერ შეძლეს, რადგან იმდენი ინსტრუმენტი არ ჰქონდათ – გამოძიება და ა.შ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4 ათასივე ოქმს მოაწერეთ ხელი, აქ არის საგამოძიებო კომისია, ყველანაირი ინსტრუმენტი გაქვთ და ჩათვალეთ, რომ ეს კომისია ერთი პროკურატურა და სასამართლოა. შევთავაზეთ, მობრძანდით, გამოიძიეთ, ამ პროცესს თავად უხელმძღვანელეთ და თუ ერთპროცენტიან სხვაობას მაინც დაადგენთ, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. რაც შეეხება მიმდინარე მედიაციას, ვაცადოთ, შიგნით რა მოხდება. მთავარი პრინციპია, რომ მიზეზის გარეშე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სახელმწიფოს ინტერესის საწინააღმდეგოა, – განაცხადა პაპუაშვილმა.