შალვა პაპუაშვილი - ვინც საბოტაჟის რეჟიმშია, მათ მიმართ ბუნებრივი იქნება გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მანდატით არ უნდა ისარგებლონ
ვინც არის საბოტაჟის რეჟიმში, მათ მიმართ ბუნებრივი იქნება გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მანდატით და იმ მაღალი სტატუსით, რაც აქვს დეპუტატს, ხალხის წარმომადგენელს, არ უნდა ისარგებლონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე: „როგორ ფიქრობთ, უნდა შეუწყდეთ თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა არის საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ხოლო ვინც საბოტაჟის რეჟიმშია, მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ამ ინსტიტუტის ნაწილი იყოს.
„არც ვიცი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შემოვიდა თუ – არა, რადგან, თქვა, რომ სხდომებზე არ ვივლიო, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არ გამოაქვს. თავიდანვე ვთქვით, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმა არის საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ვინც საბოტაჟის რეჟიმშია, რა თქმა უნდა, მას რაიმე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ამ ინსტიტუტის ნაწილი იყოს. ბუნებრივი იქნება გადაწყვეტილება, რომ ასეთმა ადამიანებმა საპარლამენტო მანდატით და იმ მაღალი სტატუსით, რაც აქვს დეპუტატს, ხალხის წარმომადგენელს, არ უნდა ისარგებლონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.