შალვა პაპუაშვილი - ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების თაობაზე აცხადებს, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და ამ მხრივ პოლიციამ კარგად გაართვა თავი ამოცანებს.
„ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანაა, უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა, არ დაზიანებულა მათ შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად იმ ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც, მათ შორის, პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება. როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.
ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ.
საპოლიციო ღონისძიების საკითხია, რა მომენტში, რა სახის ესა თუ ის საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. ვიცი, რომ პოლიცია ემზადებოდა, მათ შორის განცხადებაც გამოქვეყნდა, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, მათ შორის ინფორმაცია, რომ იქნებოდა ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რათა ჩაეშალათ ეს ღონისძიება. მთავარი მაინც ის არის, რომ დაცული იქნა ადამიანების უსაფრთხოება და, შესაბამისად, პოლიციაც, საბოლოო ჯამში, ამას გაანალიზებს.
შსს-ს მხრიდან იმიტომაც იყო ორგანიზატორებთან ერთად მზადება ღონისძიებისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მომხდარიყო ამის უზრუნველყოფა. თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. „თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, ფესტივალი არ ჩატარდება თუ სხვა ტერიტორიაზე გაიმართება.