საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და მის მიერ მომზადებულ მოსაზრებებს სხვადასხვა კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
სიმონა მენგინი-გრანატამ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების მომზადების პროცესსა და პროცედურებზე, რომლებიც აქტიურ დიალოგსა და გაცვლებს ეფუძნება. ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ყველა ეტაპზე. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.