შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმს, თუმცა ბრალდებები ესმის
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმს, თუმცა ბრალდებები ესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ერთმანეთისგან სამი საკითხი უნდა გამოვყოთ. ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში დაინიცირდა და წარდგენილი იყო ვენეციის კომისიაში მოსაზრებებისთვის, ვენეციის კომისიას ამაზე შენიშვნები არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და არა მხოლოდ იმ ცვლილებებზე იმსჯელა, რომლებიც წარდგენილი იყო რეკომენდაციისთვის, არამედ ამ საკითხს 12 რეკომენდაციის ჭრილში შეხედა.
იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და ვენეციის კომისია საუბრობს, რომ არსებობს ბრალდებები კორპორატივიზმთან დაკავშირებით და ამის პასუხად შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები. ხაზია გასასმელი იმაზე, რომ როგორც ამ დასკვნაში, ასევე ივნისის შარშანდელ დასკვნაში, ვენეციის კომისია ყველგან ამავეს ამბობს – თავად ვერ იტყვის, რომ ქართულ სასამართლოში კორპორატივიზმი არსებობს და მას ამის შესახებ მხოლოდ სმენია.
იცით, რომ მათ აქვთ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციასთან, უმრავლესობასთან. ამბობენ, რომ ამ შეხვედრებზე ასეთი ბრალდებები ისმის, თუმცა ვენეციის კომისია ივნისის დასკვნაში ხაზგასმით ამბობს, რომ მას ამის დადასტურება არ შეუძლია. სწორედ ეს არის ის საკითხი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე – კლიშეებსა და სტიგმატიზაციაზე, რაც ოპოზიციის მხრიდან კულტივირებს, მათ შორის წლების განმავლობაში სასამართლოს მიმართ, და ხდებოდა კლიშეს მიკერება – „კლანი“ და ა.შ. ვენეციის კომისია თავად ვერ ადასტურებს ამას და არ ამბობს, რომ ეს ასეა, უბრალოდ, ამბობენ, რომ სმენიათ ბრალდებები და, აქედან გამომდინარე, ამ მონაკვეთს ეყრდნობიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი იარლიყების მიწებებასა და სტიგმატიზაციაში დახელოვნებულია.
„წლების განმავლობაში, ამ სტიგმატიზაციის კულტივირებით იყვნენ დაკავებული. იცით, რომ როდესაც შარშან სასამართლო რეფორმა დავიწყეთ, ოპოზიციას შევთავაზეთ, წერილობით აღეწერათ, სად ვიყავით სასამარლოს მხრივ, სად ხედავდნენ პრობლემებს და ა.შ. მსგავსი დასკვნა მხოლოდ „მოქალაქეებს“ ჰქონდათ. სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ თემაში ყველაზე რადიკალური არიან, არაფერი წარმოადგინეს. რატომ? როცა მოსაზრებებს წერილობით წარმოადგენ, ის ზეპირი საუბარი არ არის და ადამიანი ასე ადვილად იარლიყებს ვერ მიაწებებს. როცა წერილობით იქნებოდა, იქ მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ. შესაბამისად, არა მხოლოდ იარლიყები და სტიგმები იქნებოდა გამოყენებული, არამედ პასუხისმგებლობა ექნებოდათ, დაეწერათ, რატომ ფიქრობდნენ კორპორატივიზმზე, რა მტკიცებულებები ექნებოდათ.
სამწუხაროდ, ყალბი ნარატივი, რაც საქართველოში კულტივირებს, თუნდაც, კორპორატივიზმზე, ასახვას პოულობს ასეთ დოკუმენტებში, თუმცა ვენეციის კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ თავად ამას ვერ დაადასტურებს, თუმცა ხედავს, რომ ბრალდებები ესმის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.