შალვა პაპუაშვილი - ველოდებით, რომ ევროკავშირი იმ შრომასა და ბრძოლას აღიარებს, რაც ქართველ ხალხს აქვს და ქართველ ხალხს დამსახურებულ პასუხს გასცემს
იმ ევროკავშირისგან, რისკენაც მივისწრაფით, ველოდებით სამართლიან და პოზიტიურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ხვალინდელი შეფასების მოლოდინთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გადწყვეტილება თუ დაფუძნებული იქნება გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მაშინ საქართველო ასევე იმსახურებს კანდიდატობას.
„სკანდინავიის შეხვედრების დროს ორ რამეს ვუსვამდით ხაზს – თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, მაშინ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას. თუ გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მაშინ საქართველო ასევე იმსახურებს კანდიდატობას. ჩვენ ვიცით, თუ რა მიღწევები გვაქვს. მათ შორის ვიცით ობიექტური შეფასებები და ის, რომ საქართველო ლიდერია ზოგ კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დამსახურების მიღების შემთხვევაშიც და გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაშიც დადებითი პოზიცია უნდა იყოს. ის, რომ ევროკავშირმა კანდიდატობაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობა გახსნა, ეს იყო გეოპოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე გზავნილი, რომელიც გაუგზავნა სამივე ქვეყანას. სამივე ქვეყანამ იმუშავა და დღე და ღამე გაასწორეს, რათა კითხვარი შეევსოთ. ახლა ველოდებით, რომ გადაწყვეტილება იქნება და ევროკავშირი რომ შრომასა და ბრძოლას აღიარებს, რაც ქართველ ხალხს აქვს და ქართველ ხალხს დამსახურებულ პასუხს გასცემს. იმ ევროკავშირისგან, რისკენაც მივისწრაფით, ველოდებით სამართლიან და პოზიტიურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.