შალვა პაპუაშვილი - ველოდებით ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა: პირველი – ჩვენ გვაქვს კომისიის დასკვნა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი; მეორე – ჩვენ აქამდე ვისმენდით, რომ 27-ვე ქვეყანას აქვს პოლიტიკურად გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი უდგას.
„ამ საკითხს წინ აღარაფერი აღარ უდგას. ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სხდომას, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რომელზე უკვე წელიწად-ნახევარია მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით ამ სტატუსს, რადგან ვიყავით ლიდერები სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ, სამწუხაროდ, შარშან არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. წელს ყველა წინაპირობა არსებობს ამისთვის. ჩვენ მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.