შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატიური მისია არ გამოხმაურებია, ვაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც ძალადობას დაგმობს
ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ სპეცრაზმელის ხელით თუ ძალადობდა სახალხო დამცველზე, ვგულისხმობ სოზარ სუბარს, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მონაწილეთა ხელით ძალადობდა ახალ სახალხო დამცველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფაქტს არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა და ძალადობა არ დაუგმია.
„მათ შორის, ამას არ გამოხმაურებია არცერთი დიპლომატიური მისია. ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს. რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება პირველი. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია, რათა ასეთი რადიკალიზაცია არ დაუშვას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ათი წლის განმავლობაში მშვიდობა უზრუნველყო, საუბარი არ არის მხოლოდ გარე მშვიდობაზე, არამედ საუბარია სამოქალაქო მშვიდობაზე. სწორედ სამოქალაქო მშვიდობას უფრთხილდება ჩვენი საზოგადოება, ყველას აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ღია საზოგადოება, სადაც სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გვაქვს კონსტიტუცია და კონსტიტუციური პროცესი, მათ შორის პოლიტიკაში მონაწილეობის. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.