შალვა პაპუაშვილი - ვადასტურებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან როლს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში
ვადასტურებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვან როლს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების ცხრა წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაარსების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია, დაუღალავად იცავს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან.
„9 წლის განმავლობაში ამ სამსახურმა არაერთხელ დაადასტურა კანონის უზენაესობის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპების დაცვისადმი პატივისცემა.
დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოცარი მედეგობა და მოქნილობა გამოიჩინა. იქნება ეს საგარეო თუ ეკონომიკური საფრთხეები, ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, თუ ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც დეზინფორმაციაა, ეს სამსახური წარმატებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს თავის საპასუხისმგებლო მისიას.
უკანასკნელ პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ქვეყანამ თავიდან აირიდა უცხო ძალთა ჩარევით იმგვარი სცენარების განვითარება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საქართველოში არეულობასა და დესტაბილიზაციას შექმნიდა. რომ არა თქვენი უდიდესი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული, შესაძლებელია დღეს სავალალო რეალობაში აღმოვჩენილიყავით.
სწორედ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა წარმატებული საქმიანობის შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და მისი სტრატეგიული სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის მეტად გამოყენებაზე კონცენტრირება.
ამ სამსახურის წარმომადგენლები საქმის მცოდნე, გამოცდილების მქონე და სამშობლოს მოამაგე ადამიანები ხართ და ქმნით გუნდს, რომელსაც სწორი ღირებულებები და წრფელი დამოკიდებულებები აქვს. თქვენ ხშირად ჩვენი თვალთახედვის არეალს მიღმა მუშაობთ, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები დაიცვათ და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოთ. იმის მიუხედავად, რომ თქვენი ძალისხმევა არ არის ყოველდღიურად ხილვადი, ეს შრომა ჩვენს დიდ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
„ასევე, მზად ვართ, შევუწყოთ ხელი უსაფრთხოების სამსახურის მუდმივ განვითარებასა და გაძლიერებას, რათა მისმა თანამშრომლებმა ყოველთვის შეძლონ, სათანადოდ გაუმკლავდნენ მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გულითად მადლობას გიხდით. სწორედ თქვენი ძალისხმევის, სიმამაცისა და თავდადების შედეგია მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდა მძიმე საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.
ჩვენ დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალშია მოქცეული. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან შიდა კონფლიქტები, ქვეყნებს შორის ომებია და სწორედ ამ პირობებში, საქართველომ შეძლო და, ფაქტობრივად, ვართ მშვიდობის კუნძული იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ეს, რა თქმა უნდა, არის უდიდესი დამსახურება სრულად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის. რა თქმა უნდა, აქ უდიდესი როლი აქვს უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმემ აჩვენა, რომ მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ისეა აწყობილი, რომ რაიმე უმნიშვნელო უსაფრთხოების რისკიც კი არ განხორციელებულა, განსაკუთრებით ბოლო ორწელიწად-ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ამისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან რგოლს ამ ჯაჭვში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მიღწევათა ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია, რომელიც უდიდესი პროფესიონალიზმით ასრულებს სამშობლოს ერთგული გუშაგების მოვალეობას, რომლებიც უხმაუროდ, ცივი გონებითა და ცხელი გულით დღისითა და ღამით დარაჯობენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი სამშობლოს სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების წლისთავს. დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქვეყნოდ მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.