საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე.
ტანზილა ნარბაევას თქმით, ქართველი და უზბეკი ერები ისტორიულად პატივს სცემენ ერთმანეთს. მან აღნიშნა, რომ უზბეკური მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.
მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა. ამ კუთხით, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების როლი.
უზბეკური მხარის მიერ, ასევე, გამოითქვა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ დერეფნის სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესში შედის.
შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.