შალვა პაპუაშვილი - უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, ყველას მოვუწოდებ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩინეთის დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას გამოეხმაურა.
„ჩინეთს უვიზო მიმოსვლა არ აქვს ბევრ ქვეყანასთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი შედეგი გამოიღო და მივესალმებით. ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის არის სასარგებლო. ზოგადად, იცით, რომ საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან წლამდე იმატებს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ. სულ 3,5 მილიონი ცხოვრობს საქართველოში და არ მგონია, მოცულობით ისეთი დიდი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ჩვენ მიმართ რაიმე კითხვები, შიშები, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული და ადამიანური კავშირებისთვის უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო, ვნახეთ, ჩვენს ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობები, ევროკავშირში იმოგზაურონ და ისწავლონ, რათა დაახლოვდნენ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, როცა ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს ურთიერთობებს გააძლიერებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.