შალვა პაპუაშვილი - უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის ჩვენს მდგომარეობაში, თუმცა ისევე ვართ მოტივირებული მხარდაჭერისთვის, როგორც სხვები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ხმამაღლა აფიქსირებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ პირობებშიც კი, საქართველო ისევე მოტივირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგორც სხვა ქვეყნები.
„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არამედ ჩამოსული იყო მეგობრობის ჯგუფი, მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით, მათ შორის უკრაინელი ბავშვები გვყავდა საქართველოში, გვეწვივნენ პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ინტენსიური გაცვლა ამასთან დაკავშირებით. 24 თებერვალთან დაკავშირებით უკრაინაში იგეგმება ღონისძიება, მიმართეს ყველას, ვისაც იქ ჩასვლის სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან თავისი კოლეგის მიმართაც იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არცერთ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ასეთ პირობებში ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში. განსხვავებით ყველა სხვისგან, ვინც არის უკრაინის მხარდამჭერების ალიანსში, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეეხება სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას. ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, დიდია რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, ვინც შეეცდებიან, ამაზე ხელი მოითბონ.
მსოფლიოში დღეს აკრძალულია იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, აკრძალული საგნები ბრუნავს მსოფლიოში. რისკი არის დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ზოგიერთი პოლიტიკოსი ლამის ყოველკვირეულ ბრიფინგს ატარებდა, საქართველოს, თავის სამშობლოს აბრალებდა სანქცირების გვერდის ავლისთვის ხელშეწყობას, ვერ დადასტურდა არათუ ფაქტი, ეჭვის დონეზეც ვერ დადასტურდა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ელჩებიც ადასტურებენ ამას, უცხოელ ელჩებსაც კი ესხმიან თავს. აქაც გამოჩნდა არა მხოლოდ ის, რამდენად კეთილსინდისიერია საქართველო უკრაინასთან სოლიდარობაში, არამედ გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთულ პირობებში ახერხებენ იმის უზრუნველყოფას, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ეჭვი არ ყოფილიყო.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ამ ფონზე ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავდასხმას, ეს არის იმედგამაცრუებელი. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას. არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამ დროს ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი თქვეს და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია“, – პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, როცა უკრაინის მიმართ გულწრფელ, კეთილსინდისიერ სოლიდარობას ასეთი გამოხმაურება ხვდება ხოლმე.
„გიორგი ვაშაძემ გვახარა ეს ინფორმაცია, მისი ავი სიხარული ასეთ საკითხებთან განსაკუთრებით ხაზგასასმელია, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამწუხაროა გიორგი ვაშაძის დამოკიდებულება, როცა არსებულ რთულ მდგომარეობაში მსგავს საკითხებზე პედალირებს.
„ჩვენ ვუფრთხილდებით ურთიერთობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე გვაქვს. თბილი, ძალიან კარგი, მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობაა, რომელიც დადასტურდა ამ ერთი წლის განმავლობაში, იქნებიდა ეს ჩვენი ვიზიტი კიევში, თუ უკრაინის მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ბავშვებთან ერთად ისინი მივიღეთ. ამ უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, გიორგი ვაშაძე კი ასეთ საკითხებზე რომ პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს საბოლოო ჯამში არც ერთი და არც მეორე ქვეყანა. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მას აქვს და სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოძრაობს ზოგიერთი პოლიტიკოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.