შალვა პაპუაშვილი - უპირველესი ბავშვის ინტერესია და მთავარია, ნინოწმინდის პანსიონში მათი მდგომარეობის შესწავლა მშვიდ გარემოში მოხდეს
უპირველესი ბავშვის ინტერესია და მთავარია, ნინოწმინდის პანსიონში მათი მდგომარეობის შესწავლა მშვიდ გარემოში მოხდეს, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის პანსიონში შეხვედრის შემდეგ.
პაპუაშვილის თქმით, პანსიონში არიან სოციალური მუშაკები, რომლებსაც ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან.
„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც დღეს პანსიონში დარჩებიან, იქნებიან ხვალაც, ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად. იცით რომ, აპრილიდან მოყოლებული სოციალური მუშაკი ამ დაწესებულებაშია, ფსიქოლოგიც იყო დღეს ჩამოსული. შევხვდით და ვესაუბრეთ ბავშვებს. უპირველეს ყოვლისა, ბავშვების ინტერესი ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა და სწორედ ამისთვის არსებობენ პროფესიონალები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ მასაც ექნება შესაძლებლობა, მონიტორინგის ფუნქცია შეასრულოს.
„დღეს და ზოგადად, აქ მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესია, როგორც საუკეთესო იქნება, ისე მოვიქცევით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდ გარემოში სოციალურ მუშაკებს საშუალება ჰქონდეთ მათთან კომუნიკაციისა და საუბრის. მე არც ჩემი განათლებიდან, პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვებთან ამ ტიპის ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს და ურთიერთობა ბავშვებთან ასე არ ხდება.
ზოგადად, გავიცანი, ვესაუბრე, ძალიან თბილი ბავშვები არიან. ასეთი სახის ბრალდებები მძიმე მოსასმენია, გამოძიება მიმდინარეობს და მან უნდა დაადგინოს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.