შალვა პაპუაშვილი - უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა
შალვა პაპუაშვილი - უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა

ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტისას განხილული საკითხებისა და საქართველოს მხრიდან რუსეთისადმი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„კარგია, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმაც აღნიშნეს, გაფართოებულ შეხვედრაზე ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ ხაზგასმით აღნიშნა მადლიერება იმ დახმარებისა და გვერდით დგომისთვის, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. მათ შორის, იქაურმა კოლეგებმა გვთხოვეს, რომ როდესაც გვექნება გარკვეული ღონისძიებები აქ მყოფ უკრაინელებთან, ისინიც ჩავრთოთ. ისინი დაინტერესბულნი არიან, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო სანქციების საკითხსაც.

„ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე სახის პრეტენზია არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, სხვათა შორის აქაც კარგია, რომ ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა იქ თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები, სადაც შეიძლება, იყოს. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, უკვე პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი: რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.