შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. უწყების განცხადებით, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.