შალვა პაპუაშვილი - უკრაინის გენპროკურატურასა და დაზვერვის სამსახურებში თანამდებობებს იკავებენ კრიმინალები - ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, ეს უკრაინის ხელისუფლების რეპუტაციას აზიანებს
ვისურვებდი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ყოფილიყო შემდეგი ტექსტი, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს გადმოსცემს ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს. ორ კრიმინალს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებზე არის დასაქმებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში როდესაც თანამდებობებს იკავებენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, ეს აზიანებს უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების რეპუტაციას.
„ასევე ვისურვებდი, ყოფილიყო უკრაინის ხელისუფლების განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულია უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობიდან. ამას ვისურვებდი იმ ქვეყნისგან, რომლისთვისაც საქართველოს და ქართველ ხალხს მეგობრობის მეტი არაფერი უჩვენებია.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ქართველი კრიმინალები თავს აფარებენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, არამედ არიან უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობზე. კერძოდ, ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოს ციხეებში, არის გენერალური პროკურორის მოადგილე თუ მრჩეველი, რაც არის სირცხვილი; გია ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე დანაშაულებშია ბრალდებული, მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რათა აქ არეულობა ყოფილიყო, ზუსტად რუსეთს ეხეირა, ტყვია გავარდნილიყო და ქართველი ხალხი დახოცილიყო. აი, ეს გაგვიკეთა გია ლორთქიფანიძემ, დაზვერვის უფროსის მოადგილემ.
სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებენ სისხლის სამართლის დამნაშავეები საქართველოდან. ეს აზიანებს უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების რეპუტაციას, როდესაც კრიმინალები არიან გენპროკურატურაში და დაზვერვის სამსახურებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.