შალვა პაპუაშვილი - უკრაინაზე უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, რომ უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს
შალვა პაპუაშვილი - უკრაინაზე უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, რომ უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში.

„რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას, რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე, არ მგონია, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს. არ მგონია, საერთოდ რაიმე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის. მცდელობა, რომ ეს დააკავშირონ, არის სწორედ საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზირება. ეს არ არის ევროპული მიდგომა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში და შემდეგ გადაწყვეტილებები ერთმანეთის ჯინაზე იქნეს მიღებული. უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს, მით უმეტეს, იცით, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს უნგრეთის ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად სწორად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ვამბობდით, რომ ევროკავშირში თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ყველა ხედავს, როგორი მნიშვნელობა აქვს ერთ ხმასაც კი ევროკავშირში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამ მხრივ არსებობს ერთსულოვნება ევროკავშირში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელზე.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმატა ევროკავშირის სხვადასხვა განცხადებამ, ინსტრუმენტებმა სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველო უფრო წინდახედულად მოქმედებდა ამა თუ იმ განცხადებებთან მიერთების მხრივ. ამ მხრივ, სხვა წლებში ჩვენს სტატისტიკასთან შედარებით, სტატისტიკა იყო დაწეული, თუმცა დღეს ის არის სრულ ტრენდში, რომელიც საქართველოს ჰქონდა წლების განმავლობაში. 50 პროცენტს გადააჭარბა საქართველოს შესაბამისობამ ევროკავშირის განცხადებებთან. შარშან, წლის ბოლოს 35 პროცენტამდე იყო შესაბამისობის მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ ეტაპობრივად დავუბრუნდით იმ მაჩვენებელს, რომელიც მანამდე ისედაც გვქონდა, 50 პროცენტს გადასცდა უკვე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.