შალვა პაპუაშვილი - უკრაინა განსაკუთრებული მოპყრობის ობიექტია, იქნება ეს კანდიდატის სტატუსი თუ ნატო, ჩვენ არ ვცდილობთ ჩანაცვლებას, უკრაინას თავისი გზა აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა
უკრაინა დღეს განსაკუთრებული მოპყრობის ობიექტია, იქნება ეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი თუ ნატო-სთან დაკავშირებული პროგრესი, ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ეხება მის გაწევრიანებას ნატო-ში, უკრაინას აქვს თავისი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინა დღეს არის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის, მათ შორის, ევროპის საკითხებისთვის.
„ჩვენ ყველანაირად გვესმის, რომ არის სპეციალური განსაკუთრებული მოპყრობა უკრაინის მიმართ. ეს განსაკუთრებულობა ჩვენთვისაც ხსნის შესაძლებლობებს, იქნება ეს ევროკავშირის კუთხით თუ ნატო-ს მიმართებით. რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას ნატო-ს მიმართ, იქამდე, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა იტყოდა, საქართველომ ჯერ კიდევ 2002 წელს შეიტანა განაცხადი ნატო-ში წევრობაზე. გავიდა 20 წელზე მეტი და ჩვენ კვლავ ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს კონტრიბუციას, აშშ-ის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ საქართველო მეოთხე ქვეყანა იყო აბსოლუტური რიცხვებით ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით. გერმანელებთან ერთად, მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე მხარდამხარ ვიბრძოდით და ჩვენ ჩვენი სისხლი გავიღეთ. საქართველომ დაღუპულების სახით უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას იქ საერთოდ კონტინგენტი ჰყავდა წარმოდგენილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ, რამდენად ესწრაფვის საქართველო ნატო-ს წევრობას და რამდენად იღებს ამისთვის კონტრიბუციას, თუკი ვინმე იღებს ამისთვის კონტრიბუციას, ეს არის საქართველო და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან ასპირანტები ნატო-ს წევრობისა, არამედ, რიგ შემთხვევაში, თავად ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით.
რამდენჯერმე დავასახელე, რა წვლილი გაიღო საქართველომ თავისი შრომით ინსტიტუციურად და თავისი სისხლით, მათ შორის, ნატო-ს საერთო საკითხებისთვის და მიზნებისთვის. ამიტომ ამას თუ არ მოჰყვება სათანადო პასუხი, ეს არ არის ჩვენი საკითხი, ეს არის ის, თუ რატომ არ მოჰყვება სათანადო პასუხი ჩვენს კონტრიბუციას. ნებისმიერი, იქნება ეს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება, შევადაროთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ, იქნება ეს ჩვენი ღვაწლი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით და შევადაროთ, ნატო-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას აქვს გაღებული იგივე ღვაწლი, რაც საქართველოს. ამ მხრივ საქართველო პირნათელია როგორც ნატო-ს წინაშე, ისე, ზოგადად, უსაფრთხოების მხრივ ყველა პარტნიორის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, MAP-ის გარეშე საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე რატომ არ არის საუბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:
„საკითხი იმაშია, რომ არავის მიღებაზე არ არის საუბარი. ამას უნდა შევხედოთ ცოტა რეალისტურად, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაიმე მოკლე გზა ნატო-ს წევრობისა. მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში, მანამდე არ არის საუბარი წევრობაზე. საუბარია იმაზე, რომ ნატო-მ თავად გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატო-ს წევრობას და არ დატოვონ ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, არსებობს. განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც, ერთი მხრივ, ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ მოგვენიჭა გაწევრიანების გეგმა და, შესაბამისად, შეიქმნა ბუნდოვანება. ერთადერთი, ვინც ბუნდოვანებით სარგებლობს, ეს გახლავთ რუსეთი. ამიტომ დღეს მთავარი საკითხი არის არა ჩვენში, არა უკრაინაში, დღეს საკითხი არის ნატო-ში, რამდენად მზად არის, მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დაასრულოს ბუნდოვანება ამ მხრივ.
უკრაინის პრეზიდენტზეც არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას. სხვადასხვა ფორმატია, ქვეყნები სხვადასხვა დონეზე არიან წარმოდგენილი. დღეს მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტი და, ზოგადად, ინსტრუმენტები უკრაინისთვის. ამიტომ უკრაინა არის განხილვის ცენტრში. ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ იმ საკითხებში, რომელიც ეხება მის გაწევრიანების საკითხებს ნატო-ში. უკრაინას აქვს თავისი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი. ჩვენი გზა უფრო დიდი ხნის გზაა, ვიდრე უკრაინის ნატო-სთან დაახლოების და ჩვენი კონტრიბუციის, ღვაწლის. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ. გამომდინარე პირდაპირი აგრესიიდან, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ, თავისთავად, უკრაინა არის ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.