შალვა პაპუაშვილი - უკანონობა იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ნაწილი, ეს არის მათი ევროპა, „ენჯეოებს“, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს არ დაემორჩილებიან, ქართველებისთვის ასეთი ევროპა სურთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რადგან ის არ მოსწონთ და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ მათი დონორები.
პაპუაშვილის თქმით, „ენჯეოების“ და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომლებიც ახალისებენ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას, ქვეყანას, ფაქტობრივად, ეუბნებიან, რომ არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო.
„რაც შეეხება თავად სარჩელს, ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ქცევა ჰქვია ამას, რომ ვინმე რამეს თუ არ იზიარებს, არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთო სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. ამიტომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვები კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერი მოქალაქე თუ ინსტიტუტი თავისუფალია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ამ ქვეყანაში სამართლიანობა. ამიტომ ყველას შეუძლია, მიმართოს და არა მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს – ამაზე თვალს ხუჭავენ მათი დონორები – არ დაემორჩილებიან კანონს, რადგან არ მოსწონთ. რომელიმე მოქალაქემ რომ ჩათვალოს, ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა არის არაკონსტიტუციური, ამიტომ არ დაემორჩილება და ივლის 150 კმ/სთ სიჩქარით – ეს არის მათი წარმოდგენა სამართლებრივ სახელმწიფოზე. ამ „ენჯეოების“ და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომლებიც ახალისებენ ამ ყველაფერს, რომ იყოს კანონოს მიმართ დაუმორჩილებლობა, ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ჯუნგლების კანონი და არა – სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ „ენჯეოების“ საქმიანობამ.
ნაცვლად იმისა, რომ რამეს თუ არ ეთანხმებიან, სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ დაარღვევენ კანონს. ეს არის ის მაგალითი, რასაც ევროპული და ამერიკული დონორები ამ „ენჯეოების“ მეშვეობით აძლევენ საქართველოს მოსახლეობას. ვიღაც გამოვა, იტყვის, რომ არ მოსწონს პარკირების წესი, ამიტომ არ დაემორჩილება, ვიღაც იტყვის, რომ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები არ არის სწორი და არ დაემორჩილება ამ ფერებს, ვიღაც არ დაემორჩილება სხვა რაღაც წესებს, სინამდვილეში, ეს არის მათი ევროპა, ასე წარმოუდგენიათ ევროპა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ ასეთი ევროპა ჰქონდა აშენებული ამ ქვეყანაში, სადაც უკანონობა, დევნა და ძალადობა იყო ნაწილი მმართველობისა. ეს არის მათი ევროპა და „ენჯეოებს“, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, ასეთი ევროპა უნდათ ქართველებისთვის. ვინც არის უფლებამოსილი, ვისაც აქვს სურვილი და ვისაც აქვს კითხვები კანონთან დაკავშირებით, თავისუფალია, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. აქ მხარე იქნება საქართველოს პარლამენტი. ვინაიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონია, პარლამენტი თავის პოზიციებს წარმოადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.