შალვა პაპუაშვილი - უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევენ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის უფლებას
უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევენ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს პოლიტიკოსებისა და პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებას.
„ამ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, ნებისმიერი პირდაპირი თუ ფარული დაფინანსება უცხოეთიდან არა მარტო არალეგიტიმური, არამედ, უბრალოდ, უკანონოა. სულ ახლახან, ზოგიერთმა არასამთავრობომ ღიად განაცხადა, რომ აპირებენ, დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილონ უცხოური გამჭვირვალების კანონმდებლობას. ამგვარი ღია დაუმორჩილებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე კანონის ფარული უგულებელყოფა და ღიად უგდებს გამოწვევას სახელმწიფოს ძალაუფლებას. ამგვარად, უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, თანასწორი საარჩევნო გარემოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გადაწონვითაა დაკავებული, რითაც მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას.
ახლა, როდესაც არჩევნების თარიღი გვიახლოვდება, ვითარება კიდევ უფრო გართულდა. „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, 49-დან 19 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივ საარჩევნო დამკვირვებლად დარეგისტრირდა, პირდაპირაა დაკავშირებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. ეს საჯარო კავშირები იმაში გამოიხატება, რომ ამ „დამკვირვებლების“ დამფუძნებლები, გამგეობის წევრები, მმართველები ან აღმასრულებლები, იმავდროულად, პოლიტიკური სუბიექტების წევრები არიან ან ფულს სწირავენ მათ. ბევრი მათგანი, იმავდროულად, მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ტირაჟირებს მმართველი პარტიისთვის დაბრალებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მალავს ოპოზიციური პარტიების აშკარა დარღვევებს. ამგვარად, ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები, ანუ, არსებითად, პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფები, თავს წარმოაჩენენ „არჩევნების დამკვირვებლად“ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ და „ნეიტრალური“ ვერდიქტი გამოიტანონ იმის შესახებ, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო პროცესმა და ხმის მიცემამ. რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები და ცალმხრივები იქნებიან, რაც ცხადსა და აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.