შალვა პაპუაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება, მივმართავ შშმ პირებს, ტყუილია, თითქოს მას რაიმე გავლენა ექნება თქვენს შესაძლო დაფინანსებაზე
რამდენიმე ტყუილს ჩამოვთვლი, რაც შარშან ჰქონდათ და ზოგიერთი უკვე გაბათილდა. ნომერი პირველი ტყუილია, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ფიზიკურ პირებს ეხებოდა, მათ შორის სტუდენტებს, ემიგრანტებს, ფერმერებს, შშმ პირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, კანონპროექტი არცერთ ფიზიკურ პირსა და ინდივიდს არ ეხება.
„შარშანაც ეწერა და წელსაც იგივე წერია, ცვლილებები არცერთ ფიზიკურ პირსა და ინდივიდს არ ეხება, წერტილი. პრობლემა იყო დასახელება – აგენტი. მაშინაც ვთქვით, რომ ეს იყო გადმოღებული ტერმინი. ახლა იმავეს რატომ არ ამბობენ? რადგან ეს ტერმინი გადმოღებულია პირდაპირ ევროდირექტივისგან და ამაზე საუბარი გააჩერეს. ამბობენ, რომ დაფინანსება შეჩერდება. რატომ შეჩერდება? რა გამოდის, საქართველოში დაფინანსება იმ პირობით შემოდის, რომ ის დაფარული იყოს? საქართველოში ასეთი ფული შემოდის? კონკრეტულ ჯგუფებს ტყუილებით აშინებენ, რომ დაფინანსება დაგაკლდებათო. ამერიკული, ევროპული თუ სხვა ფონდები საქართველოში იმიტომ შემოდიან და ფულს იმ პირობით ხარჯავენ, რომ იყვნენ ფარული და გაუმჭვირვალე, ეს არის პირობა? მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუონ, ამას „ენჯეოები“ აკეთებენ. უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში იხარჯება. ყველას შევახსენებ, ცხრა პუნქტიდან პირველი დეზინფორმაციაზე უარის თქმაა და დღეს ევროპული ფული დეზინფორმაციაში იხარჯება. არის მცდელობა, ქართველი ხალხი და პარლამენტი გააჩუმონ. მივიღოთ არა ისეთი კანონები, რომლებიც ქართველ ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რაც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება. რაც შეეხება შშმ პირებს, მივმართავ მათ, ტყუილია, თითქოს კანონს რაიმე გავლენა ჰქონდეს თქვენს შესაძლო დაფინანსებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.