შალვა პაპუაშვილი - უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ მოდის ტერორის ნიაღვარი, გრძნობენ პასუხისმგებლობას? თუ წავლენ თავიანთ ქვეყნებში და ტელევიზორში უყურებენ, როგორ აირევა საქართველოში მდგომარეობა?
შალვა პაპუაშვილი - უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ მოდის ტერორის ნიაღვარი, გრძნობენ პასუხისმგებლობას? თუ წავლენ თავიანთ ქვეყნებში და ტელევიზორში უყურებენ, როგორ აირევა საქართველოში მდგომარეობა?

ევროკავშირმა თუ არ დააფიქსირა თავისი პოზიცია „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის მუქარაზე და დაფინანსება გაგრძელდა, ეს ნიშნავს წახალისებას, თავზე ხელის გადასმას. გრძნობენ პასუხისმგებლობას, ეს ვიღაცამ მართლა რომ ჩაიდინოს? თუ წავლენ თავიანთ ქვეყნებში, თბილად წამოწვებიან სავარძელში და ტელევიზორში უყურებენ, როგორ აირევა საქართველოში მდგომარეობა? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„შედით „ჯემნიუსის“ ვებგვერდზე, ცალკე სახელმწიფოებად აქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონიშნული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მედიას ცალკე აქვს საქართველო, ცალკე აქვს აფხაზეთი, ცალკე სამხრეთ ოსეთი. რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა? აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? ხან ბოროტი განზრახვაა, ხან ქარაფშუტული წინდაუხედაობა დონორების მხრიდან და ამიტომაც ვამბობთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო დონორები რომ არიან საქართველოში, ჯობია, იყვნენ გამჭვირვალე და ხალხის რეაქციებიდან მიხვდებიან, რა არის სწორი და რა  – არა. მიხვდებიან, რომ საქართველოში მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს ცალკე ქვეყნებად, არც ევროკავშირის პოლიტიკაში ჯდება და არც ქართულ პოლიტიკაში. მიხვდებიან, რომ კეფაში მოსახვედრი ტყვიებისთვის ადამიანს ფული არ უნდა უხადო და ვინც ამას ამბობს, იმ ადამიანს უნდა დაემშვიდობო სამუდამოდ. ამ საქმეს მე პირადად მივყვები და პერიოდულად გადავამოწმებ, ეს ადამიანი ფინანსდება, ხელფასს იღებს თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ადამიანი სოციალურ ქსელში ე.წ. ლეო ნაფტას სახელით ცნობილი, „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი ხელფასს იღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან და კეფაში 84 ტყვიით იმუქრება. არ ვიცი, უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი, მაგრამ ფაქტი ერთია, თუ ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა არ დააფიქსირა თავისი პოზიცია, აგრძელებს თუ არა ასეთი ექსტრემისტი ადამიანისთვის ფულის მიცემას, ეს ნიშნავს წახალისებას, თავზე ხელის გადასმას, რომ მიდი, დღეს ხომ ტყვიებით დაემუქრე, ხვალ ბომბებით დაემუქრე და ზეგ აასრულე. ასე რომ, გააგიჟებენ ადამიანებს, გრძნობენ პასუხისმგებლობას, ეს ვიღაცამ მართლა რომ გააკეთოს? თუ წავლენ თავიანთ ქვეყნებში, თბილად წამოწვებიან სავარძელში და ტელევიზორში უყურებენ, როგორ აირევა საქართველოში მდგომარეობა? სამწუხაროდ, ზოგ უცხოელს ასეთი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ“, – განახცადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ტერორი არის იმ დონორების პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომლებიც ახალისებენ, უჩუმდებიან და ხმას არ იღებენ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრების ნომრებს აქვეყნებენ, მიდის მათი და მათი ოჯახების წევრების ტერორი.

„ზუსტად ამ დონორების, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული აქტივისტები დადიან და აჭრელებენ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების ბინებს წარწერებით, მათ შვილებს ავიწროებენ, ითხოვენ ინფორმაციას, სად სწავლობენ მათი შვილები, სად არიან მათი მეუღლეები. მოღალატე ეძახონ და გარიყონ საზოგადოებიდან, ამაზე იღებენ პასუხს ის დონორები, რომლებიც ამას ხედავენ და თვის ბოლოს ფულს ურიცხავენ, რომ ტერორის ჩამდენი ადამიანები თბილად წავიდნენ და ყავა დალიონ კაფეში? ეს არის ზუსტად ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმი და მთავარი პრობლემა. ამას ხედავს ქართველი ხალხი, ხედავს, რომ არის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული ადამიანი, რომელიც ტყვიებით იმუქრება. არის ევროკავშირის, საფრანგეთის და ამერიკის მიერ დაჯილდოებული ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ზიზღის ენით და ტერორით არის დაკავებული. ამას ხომ ხედავს ქართველი ხალხი. ეს ხომ ნიშნავს, რომ ევროკავშირს რეპუტაცია ელახება, როდესაც ასოცირდება ტერორთან, რადიკალურ ჯგუფებთან, იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი რეპრესიული მეთოდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „როდესაც ჩაეძიები „ენჯეოებისა“ და ოპოზიციის ესთეტიკას, ყველგან არიან აქტივისტები ან მეგის ქარდავა“.

„ნახეთ ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევა. იქ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არის მეგის ქარდავას კადრი და მაშინდელი პოლიციელი, რომელიც წამებით იყო, სავარაუდოდ, დაკავებული და „გირჩის“ რადიკალური ფრთის წარმომადგენელია. ეს არის მოქალაქე? მეგის ქარდავას კადრია მოქალაქე? თუ ის არის მოქალაქე, შემდეგ მასთან რომ მივიდა და უჩა აბაშიძის პირველი ცოლი რომ აღმოჩნდა? ანა დოლიძის და რომ აღმოჩნდა თურმე შემთხვევით აეროპორტში. ანა დოლიძე ფინანსდება ასევე უცხოეთიდან, „ენჯეოების“ სქემის გამოყენებით. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ტერორის ნიაღვარი, რომელიც მოდის უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან. ამიტომ ჩავეძიებით, ვინ არიან მათი დონორები. მნიშვნელოვანია, რომ ეს დონორები ან გაემიჯნონ და შეწყვიტონ დაფინანსება ისეთი ორგანიზაციების, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების ტერორით არიან დაკავებული, ან იყვნენ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის აცხადებს, რომ ამ ყველაფერს ევროპასთან კავშირი არ აქვს.

„ამას კავშირი არ აქვს ევროპასთან, რომელიც ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას წარმოგვიდგენია. ამას აქვს კავშირი ევროპასთან, რომელიც 100 წლის წინ შეიძლება იყო ევროპაში, მაგრამ ჩვენთან იყო 2012 წლამდე. ასეთ ევროპაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაცხოვრა, რომელიც წამების სისტემას ქმნიდა ციხეებში, ბიზნესს არეკეტებდა, ხალხს ხოცავდა ქუჩებში, ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ და ასეთ ქართული გაგების ევროპას მაშინდელი ევროკავშირი უჩუმდებოდა, აქებდა, დემოკრატიის შუქურას ეძახდა და ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი დღემდე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის მაგალითს ეძახის. აი, ასეთი ევროპაც არსებობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს, რომელ ევროპასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვხედავთ „ენჯეოებს“, რომლებიც ფინანსებიდან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს არის ევროპა, რომელიც მხარს უჭერს ტერორს, ძალადობას, მუქარას, მორალურ ზეწოლას, თუ ეს არის ის ევროკავშირი, რომელზეც ქართველი ხალხი ფიქრობს და რომლის ნაწილადაც ქართველი ხალხი თავს ღირებულებებით მიიჩნევს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.