შალვა პაპუაშვილი - უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზე ხელის დამდები „ენჯეოს“ დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი უცხოელებისგან დატუქსვის პერიოდია, თუმცა ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს
უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზე ხელის დამდები ერთი „ენჯეოს“ დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „წელსაც ეს ახალი, სტუმრისგან მასპინძლის გმობის ტრადიცია არ დარღვეულა, თუმცა ფაქტია, რომ, წლებთან ერთად, ეს დატუქსვა სულ უფრო კარიკატურულ ფორმას იღებს“.
„ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა, ვისმენთ, ამ პოსტისთვის ორი გამოვარჩიე. ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე – რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე – ამერიკის. არც პირველია ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის და არც მეორე – ის ამერიკა, რომელთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძოდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, განაცხადა: „მე, წლებია, ვამბობ, რომ დროა, ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს და კვლავ ასე მიმაჩნია“.