შალვა პაპუაშვილი - ტყუილი გაავრცელა „ბათუმელებმა“ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა კვლავ იმავე ტყუილს იმეორებს
თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა და „ბათუმელების“ რედაქტორს მიმართა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბათუმელებს“ მოუწია ბოდიშის მოხდა, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ პოლიტიკური პოზიცია.
„თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე. სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც, ჩემი აზრით, უპირველესად საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა. ცოტა ხნით ადრე ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, ქალბატონი ალბათ ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იმავე ტყუილს იმეორებს. არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო, თავადვე აღიარეს, რომ ტყუილი იყო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში 23 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან“. მოგვიანებით განცხადება გაავრცელეს გამოცემებმა „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“, სადაც აღნიშნავენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“.