შალვა პაპუაშვილი - თვალთმაქცობაა, როცა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გაოცებულ სახეს ვხედავთ, გერმანიაში კი ერთ-ერთი პარტიის გაუქმებას აპირებენ
თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როცა ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის თუ დიპლომატის გაოცებულ სახეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი უცხოელისგან ორმაგი სტანდარტია, როდესაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
„ამის ფონზე ვხედავთ, რომ გერმანიაში წამყვანი სახელისუფლებო პარტიები აპირებენ, რომ ერთ-ერთი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუქმებისთვის მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ვხედავთ სისხლის სამართლის პროცესებს წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ის, რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის. ის, რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის. ასე არ შეიძლება. ეს არ არის ევროპა. ევროპა გულისხმობს თანასწორობას და თანასწორ მოპყრობას ყველგან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ შეგვხედონ, როგორც თანასწორებს და არა, როგორც მცირე დაქვემდებარებულ ერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.