შალვა პაპუაშვილი - თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?
ჩინეთში საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური თავდასხმები, მე განსაკუთრებით თვალში მომხვდა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის, თინათინ ხიდაშელის განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თინა ხიდაშელი საზოგადოებას წარმოუდგა როგორც ჩინეთის დიდი ექსპერტი, რომელიც მტრულ რიტორიკაშია ჩინეთთან.
„საზოგადოება ალბათ დაფიქრდებოდა, რომ თინა ხიდაშელი არ არის ცნობილი მაინცდამაინც ჩინეთის დიდ ექსპერტად და ამაში განათლება მიღებულად. უცებ ის წარმოგვიდგა ჩინეთის ექსპერტად, რომელიც ყველანაირად მტრულ რიტორიკაში არის გადასული ჩინეთთან. თუ შეხედავთ, ეს ორგანიზაცია ვისგან ფინანსდება, ნახავთ, რომ დაფინანსებას იღებს ტაივანისგან, „ტაივანის დემოკრატიის ფონდი“ არის მისი ორგანიზაციის დამფინანსებელი. არის ასევე სხვა ფონდი ტაივანის, რომელიც იღებს მისგან დაფინანსებას და, რა თქმა უნდა, გასაგებია, თუ საიდან უბერავს მისთვის ნიავი. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით უცხოურ გავლენებზე ქართულ პოლიტიკაში და როგორ ხდება არასამთავრობო სექტორის გამოყენება, რათა გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე.
ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, ეს ცალკე ისტორიაა, თინა ხიდაშელი რამდენად არის „ენჯეოს“ წარმომადგენელი და ვიცით მისი კავშირები „ლელოსთან“, მაგრამ ეს სამოქალაქო ორგანიზაცია ფინანსდება ტაივანის მხრიდან. ვხედავთ, რა პოლიტიკის ლობირებას ახდენს ეს „ენჯეო“ და როგორ ცდილობს, გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე იმ დაფინანსებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს. ცალკე ისტორიაა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დღეს არის დაკავებული ლობიზმით და ანტიჩინური იდეების ლობირებით. ვინაიდან ის არის დაკავშირებული „ლელოსთან“, საინტერესოა, „ლელოსგანაც“ გავიგოთ, საერთოდ ისინი აღიარებენ თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ თუ არა ტაივანის საკითხს? საინტერესო იქნება თინას პასუხი ამაზე. როგორ ხედავს ის ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას ადამიანი, რომელიც იყო ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი? ზუსტად ასე მოქმედებს გავლენები და ლობიზმი „ენჯეოების“ გამოყენებით საქართველოში, როდესაც ადამიანს არანაირი კავშირი ჩინეთთან არ ჰქონია, გვახსოვს ჩვენ მისი წარსული, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციაში, და უცბად გვევლინება ჩინეთის ექსპერტად, ტაივანის დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.