შალვა პაპუაშვილი - თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სწორედ კულტურის კომიტეტმა მოიკვლია გელათის მდგომარეობა, მანამდე არავინ საუბრობდა ამ თემაზე, რესტავრაცია როცა არასწორადაა წარმოებული, გამოსწორება დროს ითხოვს
შალვა პაპუაშვილი - თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სწორედ კულტურის კომიტეტმა მოიკვლია გელათის მდგომარეობა, მანამდე არავინ საუბრობდა ამ თემაზე, რესტავრაცია როცა არასწორადაა წარმოებული, გამოსწორება დროს ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გელათთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა თავის დროზე, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, განათლებისა და კულტურის კომიტეტმა მოიკვლია და საზოგადოებას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია.

„რაც შეეხება გელათის მონასტერს, მე ვიყავი მაშინ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი თეა წულუკიანი და სწორედ მაშინ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ჩვენმა კომიტეტმა მოიკვლია გელათის მდგომარეობა. ქალბატონი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც საერთოდ საზოგადოებას გააგებინა, რა რთულ მდგომარეობაში იყო რესტავრაციის პროცესი. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არასწორი რესტავრაციის შედეგად იყო მიმდგარი ზიანი ძეგლზე. სწორედ ქალბატონმა თეა წულუკიანმა და პარლამენტმა მოიკვლია ეს საკითხები. გახსოვთ, მაგალითად, ის კრამიტი, რომლითაც ხდებოდა გადახურვა, აღმოჩნდა, რომ არ იყო სათანადო ხარისხის, რომ გაეძლო გელათში არსებული კლიმატური პირობებისთვის. ასე რომ, რაც შეეხება გელათს, დიახ, სწორედ ჩვენი მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, თეა წულუკიანი ახლა, როგორც კულტურის მინისტრი, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხით უშუალოდ არის დაკავებული.

„არასწორი მეთოდებით როცა ხდებოდა რესტავრაცია, თავისთავად, ერთ დღეში ამის გამოსწორება ან გადაკეთება შეუძლებელია. ამ საკითხში ჩართული არის ყველა, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები, რომელთა დასკვნის საფუძველზე მიდის პროცესი. ზოგადად, რესტავრაცია არის ნელი პროცესი, ხოლო როდესაც რესტავრაციის პროცესი არასწორადაა წარმოებული, მისი გამოსწორება ასევე დროს ითხოვს.

ეს საკითხი არათუ ჩვენი ყურადღების ცენტრშია, არამედ ამ მოწვევის პარლამენტმა ეს თემა ბოლომდე გამოიკვლია, თქვენ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, რომ რაღაცები არასწორად მიდიოდა რესტავრციის დროს, სწორედ ამ მოწვევის პარლამენტის და პირადად ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურებაა. მანამდე არავინ საუბრობდა ამ თემაზე. წლების განამვლობაში ის კრამიტი იქ ეფარა და თუ ასეთი ინტერესი იყო, შეეძლოთ, მოეკვლიათ, რა პრობლემები იყო გელათის ტაძარში“ , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.