შალვა პაპუაშვილი - სწორედ იმიტომ, რომ არ დავუჯერეთ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს, საქართველოს არათუ ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური ზრდა აქვს
სწორედ იმიტომ, რომ არ დავუჯერეთ ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს, საქართველოს არათუ ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური ზრდა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ახლახან გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, საქართველოს სანქციები სრულად რომ გაეზიარებინა, ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა.
„თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინაში ომია და დაიწყო ე.წ. სანქციების სხვადასხვა ტალღა. გვახსოვს, შარშან როგორი აჟიოტაჟი ჰქონდათ ატეხილი ოპოზიციას და გარკვეულ ჯგუფებს იმ მოწოდებით, რომ საქართველოს უნდა ჩაეკეტა საზღვრები, უნდა შემოეღო სავიზო რეჟიმი, შეეწყვიტა ვაჭრობა. ახლახან გამოქვეყნდა ანალიზი, რომელმაც აჩვენა: საქართველოს ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა ოპოზიციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ ყოფილიყო სრული გაზიარება სანქციების, დღეს საქართველოს ექნებოდა მინუს ათი პროცენტი ეკონომიკური ვარდნის, რაც პანდემიის დროსაც კი არ ყოფილა. ამას რა ეფექტი ექნებოდა საქართველოსთვის, თავი რომ დავანებოთ უსაფრთხოებას. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ დავუჯერეთ, საქართველოს არათუ ეკონომიკური ვარდნა, არამედ ეკონომიკური ზრდა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.