შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ მელიას დაპატიმრებაზე ზოგიერთი პარტნიორის კრიტიკა ნაჩქარევი იყო, ხელი შეუწყო არასწორი აღქმების ტალღის წარმოშობას
შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ მელიას დაპატიმრებაზე ზოგიერთი პარტნიორის კრიტიკა ნაჩქარევი იყო, ხელი შეუწყო არასწორი აღქმების ტალღის წარმოშობას

ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა მელიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ფორმალური თავმჯდომარის, მელიას დაპატიმრება 2021 წლის თებერვალში სამართლიანიც იყო და ლეგიტიმურიც. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები არ დარღვეულა, მელიას დაპატიმრება იყო სამართლიანი და არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას.

ეს ცხადი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის, რომლის ვერდიქტებიც ბოლო რამდენიმე შემთხვევაში სრულად დაადასტურა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.

გადაწყვეტილებამ, ასევე, გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო. ამ უსაფუძვლო კრიტიკამ, საუბედუროდ, ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ არასწორი აღქმების დაუსრულებელი და თვითგანახლებადი ტალღის წარმოშობას.

დაბოლოს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ მელიასებრ რადიკალებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ და კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია გამოიწვიონ.

იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და ქმნის არასწორ აღქმებს, ხოლო მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებები პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და პოლიტიკურ კლიმატსაც უფრო ამძიმებს. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთრი სიტყვებისა და ქმედებების გამო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.